ბიძინა ივანიშვილი: ვერც ერთი ერი ვერ განვითარდება განათლების გარეშე

ვერც ერთი ერი ვერ განვითარდება განათლების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დიღომში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მხოლოდ განათლებულმა საზოგადოებამ უნდა მოახერხოს, რომ ჩადგეს წარმატებული ქვეყნების რიგში.

„ვერც ერთი ნაცია, ვერც ერთი ერი ვერ განვითარდება განათლების გარეშე. მხოლოდ განათლებულმა საზოგადოებამ უნდა მოახერხოს, რომ გახდეს და ჩადგეს წარმატებული ქვეყნების რიგში. ამისათვის აუცილებლად საჭიროა მსგავსი საექსპერიმენტო ცენტრი. მეცნიერება და განათლება, იცით როგორ არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული – მეცნიერს ჭირდება განათლება და პირიქით განათლებას ჭირდება მეცნიერები. ჩვენ დავიწყეთ ამ ცენტრის პროექტირება. ყველაზე რთული დასაპროექტებლად ამაჩქარებელია, კოლაიდერი. ზუსტდება პროექტი და ჩვენ გვექნება შეხვედრები იმ მეცნიერებთან, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში სტუმრად იმყოფებიან საქართველოში. არის რამდენიმე ვარიანტი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ პროექტი, რომელიც აქ შეირჩევა, ვგულისხმობ ამაჩქარებელს, მსგავსს ამერიკელებიც უკვეთავენ. ჩვენ მსგავს პროექტს გავიმეორებთ, ან შესაძლოა პროექტი ცოტა მოდიფიცირებული იყოს. მოგეხსენებათ ყველაფერი უმჯობესდება და აქ პროექტის ავტორები აპირებენ უფრო თანამედროვე სისტემა მოგვაწოდონ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობაში – “დიღმის ჭალები” აშენდება.

საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება
შემდეგი სტატიაენმ-ის “ზონდერებად” მოხსენიებული სპორტსმენები ოცნებას სიცრუეში ადანაშაულებენ