ენმ-ის “ზონდერებად” მოხსენიებული სპორტსმენები ოცნებას სიცრუეში ადანაშაულებენ

სპორტსმენები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ზონდერებად” მოიხსენია და პროვოკაციაში დასდო ბრალი, ხელისუფლებას ცილისწამებაში ადანაშაულებენ. მათ პოლიციაში განცხადებაც შეიტანეს.

ილია მარტყოფლიშვილის, თეიმურაზ ლუტიძისა და ანრი ბიჩენოვის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდნენ და სამეგრელოში მომხდარი ამბების შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან შეიტყვეს.

“სახლში ვიყავი და ამ დროს გადაცემიდან ვიგებ, რომ მე – ილია მარტყოფლიშვილი, ჩემი მეგობარი ანრი ბიჩენოვი და თეიმურაზ ლუტიძე გამოგვაცხადეს პროვოკატორებად და ე.წ. მოჩხუბრებად. ამის შემდეგ წავედით პოლიციაში და დავაფიქსირეთ, რომ ასე არ ყოფილა. მთელი დღე ჩემს მუშასთან ერთად სახლში ვარ. ეს არის ტყუილი და ხელისუფლებას ვთხოვ, ამ ინფორმაციას ჩემზე ნუ ავრცელებს”, – აღნიშნა ილია მარტყოფლიშვილმა.

სპორტსმენების თქმით, უამრავი მოწმე არსებობს, ვინც მათ ნათქვამს დაადასტურებს.

გუშინ ღამით ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს იმ პირთა ფოტოები წარუდგინა, რომლებიც, მისი თქმით, კორცხელში მომხდარ ინციდენტში გიგა ბოკერიას დავალებით მოქმედებდნენ.

“სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოფელ კორცხელში მაინც შეძლო პროვოკაციის მოწყობა. გიგა ბოკერიას ზონდერჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ჟურნალისტებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ზონდერჯგუფის წევრები, რომლებიც ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით, გიგა ბოკერიას მითითებით, არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. ესენი არიან: რუსლან შამახია, სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი; ვლადიმერ სხულუხია, „თავისუფალი ზონის“ წევრი, რომელიც 2012 წლამდე ზუგდიდის საკრებულოში მუშაობდა; თენგიზ ჭანია, ასევე ზონდერი; ანრი ბიჩენოვი; ილია მარტყოფლიშვილი; ირაკლი ჭანტურია და თეიმურაზ ლუტიძე”, – თქვა მდინარაძემ.

რაც შეეხება სპორტსმენებს, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, მდინარაძის თქმით, ისინი ქართული ოცნების პარტიის წევრები არიან და იქ სწორედ ამ სტატუსით იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ვერც ერთი ერი ვერ განვითარდება განათლების გარეშე
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია