ბესელია: ფარული ჩანაწერების საქმეზე შსს-ს რამდენიმე პირი იდენტიფიცირებული ჰყავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში ილაპარაკა.

როგორც ბესელიამ თქვა, მიხეილ სააკაშვილის დრო ყველას უთვალთვალებდნენ და იწერდნენ, ამიტომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერიც არსებობდა. თავის დროზე მან შესაბამისს უწყებებს მიმართა კიდეც.

ბესელია ამბობს, რომ ის ელოდა ამ ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას. როგორც ის აცხადებს, უკანონო ჩანაწერების საქმეზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია კი მას შსს-ში დაუდასტურეს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის დამნაშავეები დაისჯებიან.

მისი თქმით, მოსამართლეების სკანდალს „საეჭვოდ დაემთხვა“ მის წინააღმდეგ ამ მეთოდებით ბრძოლა, რაც მის დისკრედიტაციასა და მორალურად გატეხვას ისახავს მიზნად.

დღესვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ასეთი ქმედებები მას პოზიციას არ შეაცვლევინებს.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე ფრაქცია „ქართულმა ოცნებმა“.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ პირველმა თქვა და შსს-ში უკვე გამოიკითხა, არ გამორიცხავს, რომ კადრები სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა და მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, საკვამლე მილში სავარაუდოდ ჩიტის ბუდე იყო
შემდეგი სტატიამეუფე ზენონი (იარაჯული) მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს პასუხობს