მეუფე ზენონი (იარაჯული) მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს პასუხობს

“10 წლის წინ, როდესაც პირველად ჩავედი ლონდონში, როგორც ეპარქიის მმართველი, ინგლისის ერთ-ერთმა ცნობილმა იერარქმა ლამბესის სასახლიდან მითხრა: ჩვენთან იყო რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი იერარქი , რომელმაც გვითხრა, რომ თქვენ დაპირისპირებაში იმყოფებით საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქთან და რეკომენდაციას აძლევდა ჩემგან თავი შორს დაეჭირათ. ამის შესახებ ადრევე მოვახსენე უწმიდესს.
მიძნელდებოდა ბოლომდე დაჯერება, მიუხედავად იმისა იერარქთან რომელმაც ეს მითხრა დღემდე შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობა მაქვს და დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ხელშეწყობაში უცხო და შორეულ მიწაზე, რათა რაც შეიძლება მშვიდად და წარმატებულად ეგრძნო თავი ქართულ ქრისტიანულ თემს.
26 იანვარს, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მიერ მიცემულმა ინტერვიუმ პირადად ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახადა ბევრი რამ, რომ აღაფერი ვთქვათ საქართველოს ეკლესიის მისამართით გაკეთებულ მუქარაზე.
აქვე დავსძენ. ნათქვამია: ციხე შიგნიდან ტყდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შეუვალი ტრადიცია იყო მტრისა და მტრულად განწყობილთა წინაშე საკუთარი ძმების ღალატის, დასმენის და ცილისწამების ჩამდენთა მოკვეთა. როგორ უნდა ვთქვა რომ კურთხეულია ამის მოქმედი და არა წყეული, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელი სფეროს თუ სოციალური წრის წარმომადგენელი.
საჯაროდ გამოვთქვი რა ჩემი პოზიცია, სადაც კანონიკური სამართლის მიხედვით კანონიკურად მივიჩნიე მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალური გადაწყვეტილება, უკრაინაში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსების შესახებ ამ განცხადების ერთ-ერთ ადრესატად ლოგიკურია რომ მივიჩნიე საკუთარი თავი. ნებისმიერი მუქარის შემომთვლელის, შიდაარეულობის მოსურნე განმცხადებლის მისამართით
მოვიხმობ წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
/ფსალ. 19:8,9/

და კიდევ, საქართველო რუსთაველის სამშობლოა:

“ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!”-აცხადებს მეუფე ზენონი (იარაჯული) – დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს.

„ვერ წარმომიდგენია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით საეკლესიო რეალობა და ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო. მართალია, იქ არის რამდენიმე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, უმეტესად ისინი, რომლებიც ღია თუ ფარულ ოპოზიციაში არიან კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რომლებიც მოუწოდებენ პატრიარქს, აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თავის დროზე, გადაწყვიტა არ წასულიყო კრეტის კრებაზე და ჩვენ, მათ შორის, საქართველოს ეკლესიის სოლიდარობის ნიშნადაც მივიღეთ ასეთივე გადაწყვეტილება, რომ არ წავსულიყავით ამ კრებაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლურ დიპტიქებში მეექვსე ადგილს მოითხოვს და ჩვენ მას ამაში მხარს ვუჭერთ. ჩვენს დიპტიქში ის მეექვსე ადგილს იკავებს. ახლა კი, როდესაც ამ დიპტიქიდან წაიშლება კონსტანტინეპოლის პატრიარქი, საქართველო დაიკავებს მეხუთე ადგილს. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დიპტიქში საქართველო იკავებს მეცხრე ადგილს და ამ საპატრიარქოში არავინ აპირებს საქართველოს რიგითობის ადგილის საკითხს გადახედოს. აი, ამ ფაქტების ერთობლიობა ნაკლებსავარაუდოს ხდის იმას, რომ საქართველოს ეკლესიამ, ოდესმე, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მღვდელმთავრების მოთხოვნას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკაშირებით“,-განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევმა.

banner
წინა სტატიაშიბესელია: ფარული ჩანაწერების საქმეზე შსს-ს რამდენიმე პირი იდენტიფიცირებული ჰყავს
შემდეგი სტატიაჩაქვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია