ბადრი ჯაფარიძე : ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება, მთავრობაც და ბანკებიც კონსტრუქციული არიან

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით დღეს სამუშაო შეხვედრა შედგა და მუშაობა უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრები ყველა საკითხის ბოლომდე მიყვანის მიზნით ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ეს იყო სამუშაო შეხვედრა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ზოგადად, საკითხებზე არის ძალიან ცოტა განსხვავებები. ამიტომ ორი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ ყველა საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. საზოგადოდ, არის სრული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. ეს არის ძალიან დამაიმედებელი. ვფიქრობ, იმ ტემპით და რესურსებით, რომლებიც ახლა მოზიდულია ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან, ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ საუბარი არ არის პორტში ტვირთბრუნვის გარანტიაზე, არამედ საუბარია ტვირთების მოძრაობის რისკის დაზღვევაზე.

„ვეძებთ მექანიზმებს, როგორ შევქმნათ საგარანტიო მექანიზმი. დღეს არ იყო ამ შეხვედრის ამოცანა შეთანხმებისთვის მიგვეღწია. შეხვედრის ამოცანა იყო სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში საფუძველის მომზადება და ეს გაკეთდა. ამ ორი დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრესი იქნება. არანაირი შეფერხება პროექტს არ ემუქრება. სამუშაო პროცესია, ყველა მხარე მონდომებულია, რომ ეს პროექტი ვადებში განხორციელდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ყველაფერი განსაზღვრულ ვადებში განხორციელდება.

„არანირი გადახედვა ვადის არ ყოფილა არასდროს, არც განიხილება. ბანკები არიან ძალიან კონსტრუქციული, მთავრობაც არის კონსტრუქციული. ჩვენ, როგორც კონსორციუმი, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ. ამიტომ ძალიან ოპტიმისტური განწყობა მაქვს. ვფიქრობ, დარჩენილი საკითხები მოგვარდება. ეს არ არის ერთ საათში მოსაგვარებელი თემა, ეს არის პროცესი”-განაცხადა ჯაფარიძემ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მთავრობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გრძელდება.

სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ პროექტის დაფინანსებისთვის დაყენებული რვა პუნქტიანი მოთხოვნებია.

საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა მიმდინარე წლის 8 თებერვალს. შეთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევას, პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას, საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ კრედიტორების რისკის დაზღვევას და ასე შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულ ფეხბურთელებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებას თურქეთის ფაქტორით ხსნის