ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებას თურქეთის ფაქტორით ხსნის

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებით ხსნის. მაჭავარიანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოება სწორედ თურქეთის ფაქტორია.

“ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია დედოლარიზაციაზე ვსაუბრობთ,რომ ნაკლებად იყოს მოსახლეობა დოლარზე დამოკიდებული. მათ შორის პარლმენტშიც იყო ცხარე დებატები, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ კონკრეტული რეგულაციები უნდა დავაწესოთ. შეზღუდვები დავაწესეთ იპოთეკურ სესხებზე დოლარში და ეს ემსახურება იმას, რომ ამ ტიპის რყევების მიმართ, რომელიც აბსოლუტურად ყველგან ხდება და მითუმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში კიდევ უფრო მეტად, იმუნიტეტი გვქონდეს,”-აცხადებს მაჭავარიანი

მისივე თქმით, დოლარზე დამოკიდებულება ქვეყანაში წლიდან წლამდე შემცირდება, თუმცა სრულად ვერ გაქრება, რადგან დოლარი ძირითადი სარეზერვო ვალუტაა. მაჭავარიანის თქმით, მთავარი ის არის, რომ შერბილდეს “რყევების ეფექტი”.

“მიუხედავად იმისა, რომ კურსი 2.80-ს მიუახლოვდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებული ვართ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი და ტარგეტირებული.

ის ნაწილი კი, ვისაც აქვს სესხი დოლარში და ვინც ყველაზე მეტად მოწყვლადია ამ დროს, ჩვენ დედოლარიზაციის ღონისძიებებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ”,-აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე : ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება, მთავრობაც და ბანკებიც კონსტრუქციული არიან
შემდეგი სტატიასოფელ ვეჯინის ამბულატორიას კვერცხები ესროლეს