“ავარელებს, დარგოელებს და ლეზგინებს საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით სურთ შემოსვლა”

აღიარებს თუ არა ირანი ცხინვალის დამოუკიდებლობას, რატომ ითხოვენ ჩრდილოკავკასიელები საქართველოს შემადგენლობაში შესვლას, რა ჩაიფიქრა რუსეთმა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

 

საქართველოში ყველა არჩევნების წინ სიტუაცია იძაბება. ვითარება ახლაც მძიმეა. გველოდება თუ არა არეულობა?

– დაძაბულობა იქნება, მაგრამ საქმე არეულობამდე არ მივა. ამ პროცესებს ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩვენი კეთილმოსურნეები თუ არაკეთილმოსურნეები.

ყველაზე ყურადღებით ალბათ რუსეთი გვაკვირდება?

– რატომ მარტო რუსეთი? აქ არეულობა სხვებსაც უნდათ, სხვა სახელმწიფოებიც არიან ჩასაფრებულები. მოსკოვს შურისმაძიებლური პოლიტიკა აქვს არჩეული. სხვები უფრო შეფარულად მოქმედებენ და თავიანთ ზრახვებს არ აჩენენ.

იმ დაძაბულობით, რაც ახლა ხდება, რუსეთი აუცილებლად ნახავს სარგებელს. მოსკოვი შეძლებს, რომ პრორუსულმა პარტიებმა პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ საქართველოს მოსახლეობის თვალში.

ამის გარდა, თუ არჩევნებზე აქ არეულობა მოხდა, დასავლეთის თვალში ჩვენს იმიჯს შელახავენ. საქართველოს გამოაცხადებენ არასტაბილურ და ნახევრად დემოკრატიულ ქვეყნად, თითქოს თავად ძალიან დემოკრატიულები იყვნენ. იმასაც იტყვიან, რომ საევროსაინტეგრაციოდ არასასურველი ქვეყანა ვართ.

კრემლის დიდი სურვილის მიუხედავად, შუალედურ არჩევნებზე აქ საშინელება არ მოხდება. არც ერთ მხარეს დიდი ფული ზურგს არ უმაგრებს. ამასთან, დამფინანსებლების ინტერესებში არ შედის არც რევოლუცია და გადატრიალება და არც გრძელვადიანი პარტიზანული ომები.

ორივე ძალა იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მათმა პატრონებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. გარდა ამისა, დასავლეთს ეტყვიან, რომ საქართველო არის უზრდელი, უხეში და ევროპისთვის შეუფერებელი.

და თავად რუსეთი ვის ან რას შეეფერება?

– თავად არიან ბირთვული ყაჩაღები. ალი ბაბას და 49 ყაჩაღს დამბაჩები და მშვილდ-ისრები ჰქონდათ. ესენი კიდევ ბირთვული რაკეტებით შეიარაღებული მტაცებლები არიან. ოღონდ არა ისეთი სერიოზული მტაცებლები, როგორც მგელი ან ვეფხვია.

ტურების კატეგორიაში გადიან?

– არც მაგ კატეგორიაში. ყველას გვახსოვს მაუგლი. იქ არიან სტეპის გაველურებული წითელი ძაღლები. აი, მაგ კატეგორიაში გადიან – ბევრნი რომ არიან და მასით გერევიან.

ალბათ მათი ჩართულობით სთხოვა ცხინვალის ხელისუფლებამ ირანს მათი დამოუკიდებლობის აღიარება. ანატოლი ბიბილოვმა ისიც კი თქვა, ჩვენ და ირანელები ნათესავები ვართო.

– ეგ სიმართლე უთქვამს. მართლა ერთი ჯიში აქვთ. ირანში არის ტომი, რომელსაც არა ჩვენი ოსების – ალანების, არამედ ცხინვალში მცხოვრები ოსების იდენტური ენა აქვს.

ვიღაცას ძალიან თუ უნდა აღიარება, რაღა ქართულ მიწაზე ითხოვენ ამას. წავიდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში. იქ აღიარებულებიც იქნებიან და თავიანთი ენაც ექნებათ. ირანის ხელისუფლებისთვის შორიდან არაფრის თხოვნა არ დასჭირდებათ, დააბინავებენ და ადგილზე მოუვლიან.

მოვლას რაც შეეხება, ქართველებმა ოსებს რომ მოვუარეთ, დედამიწის ზურგზე ეგრე არავის არავისთვის არ მოუვლია. გვერდზე იყო ჩრდილოეთ ოსეთი, მაგრამ ოსური თეატრი და სასწავლებლები მარტო საქართველოს ტერიტორიაზე იყო.

აქ მათ ენაც შევუნარჩუნეთ და ტრადიციებიც. ჩრდილოეთში მცხოვრები ოსები გარუსებულები იყვნენ და ბოლომდე ასეთებად დარჩნენ.

ისე ეს რუსეთში მცხოვრები და გარუსებული ოსები ბევრად უფრო ქართულად აზროვნებენ, ვიდრე ზოგიერთი ქართველი და საქართველოში შემოფარებული ოსები.

– ისინი დღემდე ქართველების გულშემატკივრები არიან, ისინი საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლაზე ოცნებობდნენ.

ყველამ ვიცით ულამაზესი ოსური ცეკვა “სიმდი”, რომელიც ბაგრატიონის, ჯავრიშვილის და ილიკო სუხიშვილის გაკეთებულია.

ამის გამო ჩვენი ძმები – ვაინახები ხუმრობით გვსაყვედურობდნენ, ერთი კაი ვაინახური ცეკვაც გააკეთეთ, მარტო ოსებს რომ გადაყევითო.

სერიოზული თემიდან ცეკვათამაშზე გადავედით, ირანის ამბავს დავუბრუნდეთაღიარებს თეირანი ოსების დამოუკიდებლობას?

– სასაცილოა, როცა ცხინვალი ვიღაცას დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს. დამოუკიდებლად ამის განცხადებას ვერ გაბედავდნენ. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების შეკვეთა.

მოსკოვი ამას რამდენიმე მიზნით უკვეთავს. პირველი უნდათ, რომ საქართველოს პოზიციები შეასუსტონ. მეორე მიზეზი აშშ-ირანის დაძაბულობას უკავშირდება. ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდება. კრემლს სურს, რომ ამის ნიადაგზე თბილისი ირანთან დააპირისპიროს.

ირანი ცხინვალის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მაგრამ საქართველოს სამომავლოდ ვალს დაადებს.

რა ვალი უნდა დაგვადონ, მაგათი დიდი წვლილია იმაში, რომ საუკუნეების წინ რუსეთის ხაფანგში ამოვყავით თავი.

– გვეტყვიან, სამხრეთ ოსეთი არ ვაღიარეთ და თქვენ კიდევ ჩვენ საწინააღმდეგო სანქციებს შეუერთდითო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევახსენოთ ირანს, რომ ირანი არ არის მონოეთნიკური სახელმწიფო. ის შედგება ფერეიდნელებისგან, აზერბაიჯანელებისგან, ქურთებისგან, თურქმანებისა და ნამდვილი სპარსელებისგან. ნამდვილი სპარსელები მთელს ირანში მოსახლეობის მხოლოდ 37%-ს შეადგენენ.

ფერეიდნელები ვახსენე და ერთ საინტერესო შეთავაზებას გავაკეთებ. ოსები ხომ ამბობენ, ირანელების ნათესავები ვართო. ცუდი არ იქნება, თუ ცხინვალელ ოსებს გადავასახლებთ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, ხოლო ფერეიდნელებს თავის მიწაზე – საქართველოში დავაბრუნებთ.

ცნობისათვის, როცა ფერეიდანში მოხდა გადასახლება, ყველაზე მეტი ქართველი კახეთიდან და შიდა ქართლიდან გაიყვანეს.

საინტერესო რამე თქვით, მაგრამ ამას ალბათ განხორციელება არ უწერია.

– ეგ არავინ იცის. შეიძლება დადგეს დრო და ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც მე გითხარით. მთავარი ისაა, რომ ამ იდეის გამო ცივილური სამყარო ვერ გვისაყვედურებს – ფერეიდნელები საქართველოდან ძალით გადაასახლეს, ცხინვალელი ოსები კი ირანულ წარმომავლობაზე საუბრობენ. რა არის იმაში ცუდი, თუ ყველა ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდება.

დანარჩენი დროის ამბავია. თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლაც არავის წარმოედგინა. ამ მოსაზრებაზე სიცილით კვდებოდნენ, ხოლო მათ, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესს აჩქარებდა, ციხეებში ყრიდნენ.

მინდა თქვენი მკითხველი დავამშვიდო, რომ ქართველებს რამდენიმე სერიოზული ბერკეტი აქვთ, რომლითაც რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებას საკმაოდ მძიმედ დაუბრუნებენ ხურდას.

საქართველო პატარა ქვეყანა იყო და ისტორიულად კარგავდა ტერიტორიებს, მაგრამ მათ ბოლოს მაინც იბრუნებდა. დიდი სახელმწიფო რომ იშლება, იმის აწყობა არის გამორიცხული.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა ხვდებოდეს, რომ მათ თავიანთი ქვეყანა აქეთკენ მიჰყავთ.

ჩეჩნეთი და ინგუშეთი ფაქტიურად უკვე დაკარგული აქვთ.

– ჩერქეზეთიც. დაღესტანი ხელში ერთი რამით უჭირავთ, აქ 39 ეთნიკური ჯგუფი სახლობს. ყველას თავისი ენა აქვს და ისინი იძულებული არიან, ერთმანეთს რუსულ ენაზე ელაპარაკონ.

დაღესტნელებისთვის არავის შეუთავაზებია, რომ დაღესტნის ფედერალური სახელმწიფო გააკეთონ.

ლეზგინები, დარგოელები და ავარიელები სერიოზულად განიხილავენ საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლის საკითხს.

ამას სერიოზულად ამბობთ?

– ასეთ თემებზე არ ვხუმრობ. ავარიელები, ლეზგინები და დარგოელები ინგუშებთან ერთად ითხოვენ ავტონომიის სტატუსით საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლას.

2012 წლის აგვისტოში, ლაფანყურის სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრე, დაღესტანში მოკლეს სასულიერო პირი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ემხრობოდა.

მისი მკვლელობაც საინტერესოდ მოხდა. ეს სასულიერო პირი ქადაგებებზე ათასობით ადამიანს აგროვებდა. ქადაგებებისას პირდაპირ ამბობდა, რომ დაღესტნის პროგრესი საქართველოს უკავშირდება.

ეს ადამიანი ვაჰაბისტმა თვითმკვლელმა ქალმა ააფეთქა. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს ქალი ეთნიკური რუსი იყო.

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, დაღესტნელები საქართველოს შემადგენლობაში თუ მოინდომებდნენ შემოსვლას.

– დაღესტანში უამრავი ჯგუფი ცხოვრობს. საქართველოში ყველას კი არ უნდა. იმ სამ ჯგუფს სურს ჩვენთან ერთად ცხოვრება, რომლებიც ზემოთ ჩამოგითვალეთ. მათ გენეტიკური კვლევაც ჩაიტარეს და ამბობენ, ჩვენ და გურჯები ერთი ვართო.

სხვათა შორის, ქართველების იდენტური გენი აღმოაჩნდათ ოსებს. საუბარი მაქვს ჩვენს ოსებზე – ალანებზე. ისინი ალბანების ჩამომავლები არიან.

ცხინვალელ ოსებს არ აღმოაჩნდათ ქართული სისხლი?

– რამდენსაც გინდა, იმდენს აღმოაჩნდა. სადაც გინდათ იქ დავამტკიცებ, რომ 17 ოსური გვარი სუფთა ქართული წარმომავლობისაა.

რანაირად გაოსდნენ?

– ბოლშევიკებმა ოსებს ავტონომია მისცეს. ავტონომიის შესაქმნელად საჭირო ოდენობის ოსები არ ჰყავდათ და ქართველები დაწერეს ოსებად.

შეგიძლიათ ეს გვარები დაგვისახელოთ?

– რატომაც არა. მარგიანები ჩაწერეს მარგიევებად. ბიბილურები და ბიბილაშვილები გამოაცხადეს ბიბილოვებად.

მაგათი პრეზიდენტიბიბილოვიც ქართველი გამოდის.

– გვარის მიხედვით გამოდის. კითხვის ნიშნები რომ არ იყოს, წავიდეს და გენეტიკურად გაესინჯოს.

ასევე ქართველები არიან თიბილოვები, გაგლოევები, თედეევები, ჩოჩიევები და აიდაროვები. ყველა გვარი არ მახსოვს. სულ 17 გვარია, რომელიც სუფთა ქართულია.

იმ გვარების წარმომადგენლები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევიან. პაპებისგან ან მეზობლებისგან მაინც არ იციან, რომ ქართველები იყვნენ და ოსებად ჩაწერეს?

– რომელი პაპა ეტყვის შვილიშვილს, გვარი და ეროვნება გადავიკეთეო. შერცხვათ ამის აღიარება და მათ ჩამომავლებსაც თავი ოსები ჰგონიათ.

არ არის გამორიცხული, მათი წინაპრები ბოლშევიკები იყვნენ და თავად გამოთქვეს გვარის გადაკეთების სურვილი. ავტონომიაც ხომ ბოლშევიკებმა შექმნეს.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშირატომ აიძულებს მთავრობა კერძო ორგანიზაციას გააფორმოს ხელშეკრულება კერძო ორგანიზაციასთან
შემდეგი სტატიანიკა გვარამია შსს-ს აფრთხილებს