აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში საინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში, საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მდგრადია.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის, ასევე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის სიებში. აღნიშნულია, რომ „საქართველო 2020“ ეკონომიკური სტრატეგია ბიზნესისთვის მომგებიან პოლიტიკას და ინკლუზიურ ზრდას ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით.

„თუმცა, ზოგიერთი კომპანია გამოთქვამს მზარდ უნდობლობას სასამართლო სექტორის უნარისადმი, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად ან კომპეტენტურად. ზოგიერთი ბიზნესდავის საქმეები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს უჩივიან, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განხორციელების ნაკლოვანებებს, ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის ნაკლებობას, ეკონომიკური კანონმდებლობის შერჩევით აღსრულებას და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების მოგვარებისას არსებულ სირთულეებს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის კარგი ადგილი“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია ანაკლიის პორტზე.

„2016 წელს მისი თავდაპირველი კონტრაქტის შემდეგ, ბევრჯერ მოხდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს დაგვიანება და გადავადება. მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან კონტრაქტი 2020 წელს შეაჩერა, რადგან კონსორციუმმა საკმარისი კაპიტალი ვერ მოაგროვა. თუმცა, მთავრობა მაინც აპირებს ანაკლიის პორტის აშენებას და პროექტზე ტენდერის ხელახლა გამოცხადებას. ლოჯისტიკისა და პორტის მშენებლობის კომპანიებმა დაიწყეს ფოთის პორტის განვითარებისა და გაფართოების სამუშაოები, რომელიც საქართველოში ამჟამად ყველაზე დიდი პორტია“, – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ გასხვისების თაობაზე დავები საქართველოში ხშირი არ არის, თუმცა 2012 წლამდე, წინა მთავრობის ქვეშ, აღიარებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოჭრეს ისტორიული მფლობელობის უფლებების არაკანონიერი გაუქმების ფაქტები სვანეთში, ანაკლიაში, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე.

„წინა მთავრობისას ასევე ფიქსირდებოდა ქონების გადაცემის ფაქტები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა და არსებობს ვარაუდი, რომ მათ იძულების წესით ახორციელებდნენ“, – წერია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაში„თბილისის მიკროავტობუსი“ მოსახლეობას მიმართავს, ფეხზე დამდგარმა არ იმგზავროს – მძღოლები, ვინც ტრანსპორტში წესრიგს არ დაიცავენ, ხაზიდან მოიხსნებიან
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში დაფიქსირდა