“არსებობს სრული საერთაშორისო კონსენსუსი, თუ როგორ მოიპარა ივანიშვილმა არჩევნები, თუმცა ივანიშვილი კრიტიკისადმი სრულიად ყრუა”- თინა ბოკუჩავა

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, საერთაშორისო კონსენსუსი არსებობს, რომ საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა.
პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ევროსაბჭოს დეპუტატები საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მკვეთრად ნეგატიურად აფასებენ.

ენმ-ს წევრის თქმით, მსგავსი შეფასება ბოლოს ალბათ 2003 წელს იყო, როცა ედუარდ შევარდნაძე ხალხის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით კი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ხალხის ნების კონტროლი, ტერორი, ძალადობა და მოსყიდვა შერცა:

“ჩვენდა სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველომ უკიდურესად უარყოფითი შეფასებები მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ასეთი შეფასებები შეიძლება იყო 2003 წელს და რით დასრულდა შევარდნაძის მცდელობა მოეპარა ხალხის არჩევანი ყველას კარგად ახსოვს. სამწუხაროდ, ივანიშვილს შერჩა მოპარული არჩევნები, მაგრამ ეს სტატუს კვო დიდხანს არ გაგრძელდება. ცალსახაა, რომ ივანიშვილმა ეს არჩევნები გააყალბა, მოისყიდა და ხელყო საქართველოს ამომრჩევლის ნება, რაც აისახა სტრასბურგში გამართულ დებატებზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილმა სხვადასხვა დეპუტატებმა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა ქვეყანას და პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს სრული საერთაშორისო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიპარა ივანიშვილმა ეს არჩევნები”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ევროსაბჭოს დეპუტატებმა არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე დეტალურად ისაუბრეს.

ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ უცხოელმა მომხსენებლებმა ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ვალების განულების პროგრამასა და ამომრჩევლის ნების კონტროლზე გაამახვილეს.

“რა თქმა უნდა საუბარი შეეხო და მოსყიდვად შეფასდა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას, როცა მან ფორმალური პრემიერის პირით დააანონსა ვალების, ე.წ. შავი სიის გაუქმება. ასევე ყურადღება გამახვილდა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, საუბარი შეეხო, ამომრჩეველთა მასობრივ დაშინებას. როცა ასეთი ფაქტი სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდა. ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ია კერზაიამ ამ ტერორს ვერ გაუძლო და შეეწირა ზეწოლას, რასაც მინდა გითხრათ, პირადად გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა. რომელსაც როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი გაპრემიერებასაც უპირებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბარი იყო ცესკო-ს მიერ მიღებულ პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებაზე, რომ არჩევნები შუა კვირაში ჩანიშნულიყო, რომ ემიგრანტებითვის ხმის მიცემის უფლება შეეზღუდათ.

საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ევროსაბჭოს დეპუტატებმა გაიხსენეს ის ძალადობა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებდნენ ოპოზიციასა და მის ამომრჩეველზე. მაგალითაც, ჩემი კოლეგა ენზელ მკოიანი, რომელიც კანონების წერით უნდა იყოს დაკავებული, შეიარაღებული დაჯგუფებებით დასდევს ოპოზიციას და ფიზიკურად, სასტიკად უსწორდება მათ. ასე რომ, ყველა საკვანძო საკითხი იყო ნახსენები. ჩვენი უცხოელი კოლეგები ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები, თუმცა სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკა მიიღოს, გაიაზროს და რაიმე კუთხით უკეთესობისკენ წაიყვანოს ჩვენი ქვეყანა და მისი დემოკრატიული განვითარება, ის ამ კრიტიკისადმი სრულიად ყრუა. მეტიც მთელი ამ ტერორის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მოიაზრება პრემიერის პოსტზე”- აღნიშნა “ნიუპოსტთან” ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლა გააკრიტიკა.

ჩუგოშვილმა ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა რომ საარჩევნო კამპანია სავსე იყო სიძულვილით, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფითა და შევიწროებით.

თინა ბოკუჩავას თქმით, კი გაერთიანებული ოპოზიციის არცერთ წევრს და მათ შორის არც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებიათ.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება “თამარ ჩუგოშვილის სირცხვილია, როგორც ქალი პოლიტიკოსის”.

“ეს არის ყალბი აპელირება და თავად სექსისტური შინაარსის მატარებელი, როცა ის მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ თურმე არ შეიძლება კანდიდატის კრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის ქალია. ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას შეგახსენებთ, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ თავად ხელისუფლების ნაბიჯები, მაგალითად: როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო ბილბორდებზე, ქალი პრეზიდენტობის კანდიდატი ჩაანაცვლეს კაცი ივანიშვილის, კობახიძის, კალაძისა და სხვა კაცი პოლიტიკოსების ბანერებით.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ერთ განცხადებასაც ვერ გაიხსენებს ვერავინ, როცა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ შეურაცხყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ამ ტყუილების არავის ჯერა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყალბ ნარატივს იყენებს ქალბატონი ჩუგოშვილი, ნაცვლად იმისა, რომ მან თვალი გაუსწოროს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და ივანიშვილს, რომელიც კრიტიკისადმი ყრუა, რაიმე მაინც შეამეცნოს, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაღუპოს”- დასძინა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ევროსაბჭოს დეპუტატებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

უცხოელმა მაღალჩინოსნებმა საპრეზიდენტო არჩევნებისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ვალების განულების პროგრამასა და ამომრჩევლის ნების კონტროლზე ღიად ისაუბრეს.

ევროსაბჭოს დეპუტატები სვამენ კითხვას – ჰქონდა თუ არა ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

banner
წინა სტატიაში“მაგას ვყვირით ამდენი ხანი…უგულავამ არასწორად გასცა ნებართვა” – კალაძე
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბის ფაქტს ამაზრზენი უწოდა