კახა კალაძემ ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბის ფაქტს ამაზრზენი უწოდა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი ჩხუბის ფაქტი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

კალაძის განცხადებით, რაც თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოხდა, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის არ უნდა იყოს მისაღები.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ვინც საღად მოაზროვნეა, ეს მისაღები და დადებითი ვერ იქნება. რაც მოხდა, მართლაც ამაზრზენი იყო, ეს ყველამ ერთად ვიხილეთ სატელევიზიო ეთერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, დანაშაულის ჩამდენი პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„როგორც ვიცი, გამოძიებაც დაწყებულია ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, დანაშაულის ჩამდენი პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2019 წლის 11 იანვარს, ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართული ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.

დაპირისპირების შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

banner
წინა სტატიაში“არსებობს სრული საერთაშორისო კონსენსუსი, თუ როგორ მოიპარა ივანიშვილმა არჩევნები, თუმცა ივანიშვილი კრიტიკისადმი სრულიად ყრუა”- თინა ბოკუჩავა
შემდეგი სტატიათბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას, რომ მეტრო „რუსთაველის“ რეაბილიტაციისას ვეფხვის გამოსახულებები ასლებით ჩაანაცვლეს