არჩილ თალაკვაძე TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენებას მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობას არ უკავშირებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 24, 2019 12:51

არჩილ თალაკვაძე TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენებას მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობას არ უკავშირებს

პარლამენტის თავმჯდომარე TBC ბანკის საქმეზე გამოძიების დასრულებას ეხმაურება. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი თვალს ადევნებს ამ საქმეს, რომელზეც გაიმართა არაერთი დისკუსია. მისი თქმით, ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გამო პროკურატურამ მუდმივად უნდა მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია.

“არაერთი საჯარო დისკუსია იყო ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ როგორც მხარეების ინტერესები, ასევე თავად ბატონების უფლებები იყოს დაცული, რომელიც მათ კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ამ საქმის წამოწევა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ აქტივობებს, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყო.

„შესაძლოა, მან დააანონსა პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე არის ინიცირებული გაცილებით ადრე. ეს დროში წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს თუ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დააკავებენ, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პროექტი არ შეჩერდება და მას სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აქვს.

„ანაკლიის პორტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება. სწორედ ეს არის მისი განხორციელების მთავარი პირობები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ინვესტორებთან და კერძო სექტორთან ერთად ეს პროექტი წარმატები განხორციელდეს. რაც შეეხება მართლმსაჯულების საკითხს, მართლმსაჯულებას აქვს თავისი ლოგიკა და როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გონივრულ ვადებში ამოიწუროს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 24, 2019 12:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics