დიმიტრი ბიძინაშვილი : პუტინი ივანიშვილს გახარიას გადაყენებას მოსთხოვს

ჰყავს თუ არა ,,ოცნებას” შამანები, რა შემთხვევაში შეისმენს ივანიშვილი ხალხის მოთხოვნებს, რატომ უნდა იჩქაროს მან ჩემოდნის ჩალაგება? _ ამ თემებზე ..ახალ თაობას”   მონიტორინგის ცენტრ ,,მედიატორის” წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.

დიმიტრი ბიძინაშვილი:

_ ,,ქართულ ოცნებას” კარგად ვერ მისდის საქმეები, ღირებულს ვერაფერს ქმნიან და ეს ვიღაცას ხომ უნდა დააბრალონ. ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის განმავლობაში წარუმატებლობა ყველას და ყველაფერს დააბრალეს. მარაგი სრულად რომ ამოწურეს, ,,ოცნების” სპიკერი გია ვოლსკი ზღაპრის მოსაყოლად გამოუშვეს.

ამ უკანასკნელმა საერთოდ საოცრება თქვა, თურმე ქვეყანა რომ შავ დღეშია და ჭაობში მივდივართ, ეს იმის ბრალია, რომ ვიღაცები ღამღამობით იკრიბებიან და სატანისტურ რიტუალებს ატარებენ.

ეტყობა, ამ რიტუალებში კარგად არიან ჩახედულები. არ გამიკვირდება, თუ ერთ დღესაც ფოტო ან ვიდეო დაიდება, სადაც ასახული იქნება, თუ როგორ ატარებს თავის გადასარჩენად ,,ოცნების” წევრებით გარშემორტყმული ივანიშვილი რაღაცა სახის რიტუალს.

ისეთ დღეში ჩააგდეს ქვეყანა და ისე გადარიეს ხალხი, რომ მათ არანაირი რიტუალი აღარ უშველის.

_ საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ კარგად ვერ იყავით და სიბრძნის კბილთან დაკავშირებით შეგექმნათ პრობლემა. იქნება და ეს რიტუალები ოპოზიციონერების გასანეიტრალებლად ტარდება. ბოლო წლებია, ძალიან აქტიური ხართ და ბევრს უშლით ნერვებს. ვიღაცამ ვოლსკის მიმდევრებად რომ არ ჩაგვთვალოს, დავაკონკრეტებ, რომ ვხუმრობ.

_ ხუმრობა ეძახეთ და კი გამირთულდა ეს კბილი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ კბილმა ამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ,,ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში.

გია ვოლსკის განცხადებებიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ან თავად მეოცნებეებმა დაიწყეს შამანობა, ან შამანი მოიწვიეს დასახმარებლად. საქმის კეთება არ იციან და, ეტყობა, ამით უნდათ, რომ ფონს გავიდნენ.

_ ამ შამანობის ამბავში რამე არ აურიონ.

_ არეული აქვთ და ეგაა. იმის მაგივრად, რომ შამანობა საქმის საკეთებლად გამოიყენონ, ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავენ. უნდათ, დროებით მაინც გაგვაჩერონ, რათა ნაკლებად ვილაპარაკოთ იმ საშინელებებზე, რაც ქვეყანაში მათი წყალობით ხდება.

ვოლსკის მიმდევარი არ ვარ, მაგრამ მისმა განცხადებამ ძალიან ჩამაფიქრა. თან საეჭვოდ ემთხვევა ამას ის, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს სულ რაღაც პრობლემები გვექმნება.

ამ შამანობამ და სატანისტური რიტუალებით დაინტერესებამ ,,ოცნებას” ვერ უშველა და ხალხმა მათი ნამდვილი სახე მაინც დაინახა. ახლა საქართველოში პატარა ბავშვებმაც კი იციან, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა მზად არიან, პუტინის ყველა მოთხოვნა და ახირება მყისიერად შეასრულონ. ,,ოცნება” ლავროვისა და გავრილოვის მოთხოვნებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ, სამაგიეროდ, საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი _ ერთი თვეა, ჯალათი გახარიას გადადგომას ვითხოვთ და ვითომ არაფერი, პუტინს სიტყვა არა აქვს დასრულებული, რომ მისი მოთხოვნა უკვე შესრულებულია. იგივე ითქმის გავრილოვსა და ლავროვზე.

_ ჩვენი ხელისუფლება თუ ასეთი მგრძნობიარეა გვარების _ პუტინის, ლავროვისა და გავრილოვის მიმართ, ხომ არ აჯობებდა, საქართველოს მოსახლეობას ეს გვარები გვეტარებინა დროებით და მათი სახელით დაგვეყენებინა მთელი რიგი მოთხოვნები.

_ არ არის ცუდი იდეა. ,,ოცნებამ” და ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართველი ხალხი სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ერთია თვეა, ჯალათის გადაყენებას ვითხოვთ, მაგრამ ვითომ არაფერი, ხოლო როცა რუსთავი 2-მა შეაწუხა პუტინი, ხელისუფლებამ მყისიერი რეაქცია გამოამჟღავნა.

ასე რომ თუ პუტინი, ლავროვი და გავრილოვი იტყვიან, რომ გახარია უნდა გადადგეს, მას დაუყოვნებლივ გადააყენებს ბიძინა. მას ხომ ის აინტერესებს, რა მოეწონება კრემლს.

ცუდი არ იქნება, თუ მართლა დავირქმევთ პუტინს, გავრილოვსა და ლავროვს და მათი სახელით მოვაწყობთ აქცია-პერფორმანსს.

_ ისე, რა მაგარი იქნება _ პუტინი, გავრილოვი და ლავროვი რომ გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

_ მართლა მაგარი იქნება. ისე ეშინიათ ამ გვარების ხსენების, ხმამაღლა პროტესტის გამოხატვასაც ვერ გაბედავენ. მერე რა მოხდა, თუ ეს ნამდვილი პუტინი არ იქნება. მთავარია გაიჟღეროს, რომ გახარიას გადადგომა პუტინმა მოითხოვა.

პუტინს მოთხოვნის შესრულებაზე უარს როგორ აკადრებენ და ,,ქართული ოცნება” ძალიან მაგრად გაიჭედება. დამიჯერეთ, განცხადებასაც კი ვერ გააკეთებენ შესაბამისს, მოგონილი ლავროვისა და პუტინის დაგმობასაც კი ვერ გაბედავენ.

მთელი შვიდი წელია ვიძახით, რომ ხელისუფლებაში პუტინისტები და პრორუსები გვყვანან. ამის მიუხედავად, ყველას სადღაც გულის კუნჭულში გვჯეროდა, რომ ვცდებოდით. სამწუხაროდ, ჩვენი ყველა ეჭვი ამ მიმართულებით 100%-ით გამართლდა.

ამ შვიდი წლის განმავლობაში საქართველო ძალიან დაზარალდა როგორც იმიჯურად, ასევე ეკონომიკურად. ჩამოიშალა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში აღარ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ლარი დაიქცა და გაიქცა. საწვავი ისე გაძვირდა, ყველანაირი რეკორდი დაამხო.

რა ,,სიკეთეებიც” დაგვაბერტყეს, ეს არ იკმარეს და ახლა გვეუბნებიან, რომ შეიძლება დენისა და ბუნებრივი აირის ტარიფები გაიზარდოს.

არადა, ხელისუფლებაში რომ მოდიოდნენ, ამბობდნენ, საქართველოში არანორმალურად მაღალი ტარიფებია და უნდა შემცირდესო.

_ ზვიად ძიძიგურმა ერთხელ კინაღამ სცემა ამომრჩეველს _ დენის ტარიფი 3 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს და ზედმეტს რატომ იხდითო.

_ ის ბრძენი კაცი _ ბიძინა ამბობდა, ტარიფები უნდა გავანახევროო. გაანახევრა კი არა, გააორმაგა. ძალიან გაძვირდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამას ყველა საკუთარ თავზე გრძნობს.

პარლამენტის, სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის ფანჯრებიდან ეს არ იგრძნობა, მაგრამ ხალხი გაჭირვებისგან სულს ღაფავს. ისე მიდის საქმე, რომ საქართველოში ცხოვრება მალე შეუძლებელი გახდება.

სამაგიეროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან კარგად. იმ დროს, როცა ბავშვები შიმშილით იხოცებიან, როცა პენსიონერს წამლის ფული არა აქვს, მთავრობამ მილიონები დახარჯა ცოტა ხნის წინ 130 ჯიპის შესაძენად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ,,ქართული ოცნება” ხალხზე არ ფიქრობს და მთლიანად ასტრალშია გასული.

ვოლსკის, თალაკვაძეს, მათიკაშვილსა და ამნაირ ტიპებს ხალხის სიდუხჭირე არ აწუხებთ, ვერც კი გრძნობენ. იმხელა შემოსავლები აქვთ, ვერც კი იგრძნობენ, ტარიფები თუ გაიზრდება. მათ ჯიბეზე არც საწვავის რეკორდულად მაღალი ფასი აისახება.

_ საწვავის ფასი სულ არ აისახება მაგათ ჯიბეზე _ ბიუჯეტის ხარჯზე ისხამენ საწვავს.

_ საწვავის ფასის ზრდას კი არა, არაფერს არ იგრძნობენ. ეს ხალხი სრულად სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს _ ჩვენ უზრუნველვყოფთ ხელფასითაც, მოგზაურობითაც, საწვავითაც, დაზღვევითაც. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საჭმელსაც კი ჩვენს ხარჯზე ჭამენ.

_ აქამდე არ ჭამდნენ ჩვენს ხარჯზე და ახლა დაამატეს თუ რა ხდება?

_ სარესტორნო მომსახურებასაც ხომ ბიუჯეტი ფარავს. ,,ოცნება” საჭმელსაც კი ხალხის ხარჯზე ჭამს. არაფერში ეგენი ფულს არ ხარჯავენ და მათზე როგორ უნდა აისახოს ცხოვრების გაძვირება.

ქუჩაშიც კი არ გამოდიან, ხალხს რომ დაელაპარაკონ, პარლამენტში მივლენ, იქ სულ მილიონერები სხედან. ლიდერი მთლად მილიარდერი ჰყავთ და ჰგონიათ, რომ ყველაფერი კარგად არის.

მათთვის არც ის არის პრობლემა, რომ რეგიონებში რეანომობილები არ არის და ამის გამო მძიმე ავადმყოფები თბილისში დაგვიანებით ჩამოჰყავთ. დაგვიანება კი შეიძლება გარდაცვალების მიზეზი მოხდეს.

,,ოცნებისთვის” არც ის არის პრობლემა, რომ ახალგაზრდებს რუსული ოკუპაციის გაპროტესტების გამო თვალებს სთხრიან.

მმართველ პარტიას დღეს მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს. მათ შეიძლება, ის სავარძელი დაკარგონ, რომლის დახმარებითაც მილიონებს შოულობენ.

მინდა, პირობა მივცე, რომ რაც დრო გავა, ეს პრობლემა კიდევ უფრო გაუმძაფრდებათ და ძალიან ახლოს არის ის დრო, როდესაც ,,ოცნება” დასრულდება. მათ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს.

საქართველოს მოსახლეობამ მათ ისედაც ბევრი რამე აპატია. რამე რომ იყოს, კიდევ აიტანს ხალხი შიმშილსა და სიცივეს, მაგრამ ოკუპანტთან ღია თანამშრომლობას არავის აპატიებს. რასაც “ოცნება” მოსკოვთან მიმართებით აკეთებს, ეს თანამშრომლობაზე მეტია.

20-21 ივნისის ღამეს პუტინისა და ივანიშვილის ბრძანებით გახარიამ ქართველების სისხლი დაღვარა. მეორე დღეს ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად 3-ჯერ მეტი ადამიანი გამოვიდა.

ახლა ვიღაცები რომ თავებს ითვლიან, ამით ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, რადგანაც, საჭირო თუ გახდა, კიდევ უფრო ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში.

საქართველოს უახლესმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ ხელისუფლება, რომელიც თავების თვლას იწყებს, ძალიან მალე ჩაჰბარდება წარსულს.

_ შამანობა ამას არ შველის?

_ შამანიც ვეღარ უშველის.

_ ვირის ტვინი და მგლის ქონი? ფეისბუქზე იხუმრეთ, ივანიშვილი თანაპარტიელებს ამ საშუალებებით ,,მკურნალობსო”.

_ ეს საშუალებებიც აღარ გაჭრის, თან მგლის ქონს ხომ `ოცნების~ წევრებს უსვამს, რომ მორჩილებაში ჰყავდეს. ისინი კი არიან მორჩილებაში, მაგრამ ხალხი ამათ აღარ დაემორჩილება.

,,ქართული ოცნება” ისე ამოისვარა სიბინძურეებში, რომ მათ თანაპარტიელ დავით მათიკაშვილის სამრეცხაოც ვერ გარეცხავს.

_ როცა ამ სამრეცხაოს ამბავი გაიგეთ, სოციალურ ქსელში გამწარებული ეკითხებოდით დეპუტატს, აკრახმალებ კიდევაც თუ არაო და გაარკვიეთ რამე?

_ თავად არ მიპასუხა, მაგრამ ჩემი წყაროებით გავარკვიე, რომ აკრახმალებს, ოღონდ ის ვერ გავიგე, რა მეთოდს იყენებს ამისთვის. რაც არ უნდა მეთოდი გამოიყენოს, ,,ოცნებას” ვერ გაათეთრებს.

მმართველ პარტიას საქართველოს მოსახლეობისგან ერთი მკაფიო მესიჯი აქვს მიღებული _ ის 2020 წელს ხელისუფლებას ვეღარ მიიტაცებს.

_ რომ მიიტაცოს?

_ თუ მიიტაცებს, საკადრის პასუხს მიიღებს, ისეთივე პასუხს, როგორიც წინა თვეში მიიღო, როდესაც მის მიერ მიტაცებული ქვეყნის პარლამენტში რუსი ოკუპანტი დასვა. მან ძალიან კარგად დაინახა ის საპროტესტო მუხტი, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

,,ოცნებასა” და მის ლიდერს ტყუილად აქვთ იმედი, რომ ზაფხული ამ მუხტს გაანელებს. როგორც კი საჭირო გახდება, ათეულობით ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში. რუსეთთან თანამშრომლობით თავს ვერ გადაირჩენენ.

რუსეთთან რომ არ თანამშრომლობდნენ, მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ქვეყნის ერთი ჯაშუში მაინც რატომ არ გამოავლინეს. როგორ დავიჯერო, რომ 2012 წლის მერე კრემლმა საქართველოში თავისი ხალხი არ გამოაგზავნა.

_ ვინ უნდა გამოევლინათ, გამოვლენილები ციხეში იყვნენ და ისინი გამოუშვეს 2012 წლის მიწურულს ამნისტიით.

_ ძალიანაც კარგად გამოაგზავნეს რუსებმა აგენტები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება მათ არ გამოავლენს, პირველ რიგში იმიტომ, რომ თავად თანამშრომლობენ რუსეთთან.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის. ამას ხალხი არ დაუშვებს, ხალხთან ბრძოლაში კი გამარჯვებული არავინ გამოსულა. ამიტომ დროა, ივანიშვილმა ნელ-ნელა დაიწყოს ჩემოდნის ჩალაგება. 2020 წელს მაინც მოუწევს ამის გაკეთება და, კარგი იქნება, თუ წინასწარ დაიჭერს თადარიგს. ასევე კარგი იქნება, თუ ერთ დიდ აკვარიუმსაც მოამზადებს.

_ აკვარიუმი რაღა ჯანდაბად უნდა?

_ როგორ არ უნდა, ზვიგენებს, სელაპებსა და პინგვინებს ჩემოდანში ხომ არ ჩასვამს. მას საქართველოში აღარ დაედგომება და ამიტომ თავისი ცხოველებიც მოამზადოს. რადგან ასე უყვარს რუსეთი, შეუძლია, იქ წავიდეს თავის თანაპარტიელებთან და ზებრა-სელაპებთან ერთად.

 

ავტორი : შორენა მარსაგიშვილი

 

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენებას მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობას არ უკავშირებს
შემდეგი სტატია„2015 წელს, ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას“ – ნათელაშვილის სკანდალური განცხადება