“არჩილ თალაკვაძე ჩუმად იჯდა ფრაქციის სხდომაზე” – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კამერების წინ არ ჩნდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საჯარო სივრციდან გაქრა – „ქართულ ოცნებაში“ არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე არჩილ თალაკვაძე კამერების წინ არ ჩნდება და მის გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე არ საუბრობს.

არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერს მედიასთან კონტაქტი აკრძალული აქვს.

თალაკვაძე გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებას ესწრებოდა. დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან მმართველი გუნდის წევრებმა გაიწვიეს, „კურიერს“ უთხრა, რომ სხდომაზე არჩილ თალაკვაძეს განცხადება არ გაუკეთებია და ის ჩუმად იჯდა.

„აჩიკო გუშინ იყო ფრაქციაზე, არ უთქვამს, რაშია საქმე. არაფერი განცხადება არ გაუკეთებია, ჩუმად იჯდა,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არც გედევან ფოფხაძის სკანდალურ ბრალდებაზე გაუკეთებია კომენტარი. ფოფხაძის თქმით, მას არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ დაურეკეს და სთხოვეს, რომ რეპუტაციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ინტერვიუ არ მიეცა.

ფოფხაძის განცხადება მხოლოდ მდინარაძემ დაადასტურა.

“ქართული ოცნების” ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები, მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.

banner
წინა სტატიაშიჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ამერიკელი სპეცსამსახურების თანამშრომლების სიაზე ნადირობდა
შემდეგი სტატიამცირე დაკვამლიანების გამო, „თბილისი მოლში“ განგაშის სიგნალი ჩაირთო