არჩევნების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ”საარჩევნო კოდექსში”, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ”საარჩევნო კოდექსში”, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. აღნიშნულის შესაძლებლობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე.

„სასურველია, შეთანხმება მოხდეს, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, სამართლებრივი და პოლიტიკური მიზანი არის ის, რომ საარჩევნო სუბიექტებმა და საზოგადოებამ დროზე იცოდნენ არჩევნების თარიღი და წინასაარჩევნო კამპანია არ დაიწყოს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს როგორც წესი ხდებოდა. 2-თვიანი წინასაარჩვენო კამპანია სრულებით საკმარისია ქვეყნისთვისაც და საარჩევნო სუბიექტებისთვისაც. ამიტომ პოლიტიკური ამოცანა დღეს უნდა იყოს ის, რომ შეთანხმება შედგეს. არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემა მაისში იქნება ძალიან არასასურველი, ვინაიდან ეს არამარტო ფინანსური თვალსაზრისით გვაზარალებს, არამედ ზოგადად, არ არის სწორი, როდესაც იმის მაგივრად, რომ მიმდინარე პრობლემებს წყვეტდეს, ქვეყანა ნახევარი წლის მანძილზე საარჩევნო რეჟიმში ცხოვრობდეს. მე მგონი, ეს არ არის სასურველი და თუ რაიმე სამართლებრივი გზა გამოიძებნება, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს აჯობებს, ვიდრე ამ თემაზე მარტო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება/არ მიღება, იმიტომ რომ ერთია პრეზიდენტის სურვილი, მეორე – ამ შემთხვევაში ის საჭიროება, რომელიც საჯარო ინტერესს წარმოადგენს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა საკანონმდებლო ცვლილებებზე შეიძლება იყოს საუბარი.

„მე ზუსტად ვერაფერს გეტყვით, იქნებ შედგეს რაიმე შეთანხმება, თუ არა, მაშინ რაღაც სხვაზე უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ 6 თვე წინასაარჩევნო კამპანია არ არის სწორი ქვეყნისთვის“, – დასძინა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშისენაკში რესპუბლიკური პარტია მასობრივად დატოვეს
შემდეგი სტატია„ეს პროცესი შეიძლება, უსისხლო რევოლუციასთან გავაიგივოთ“