არასამთავრობოები მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავენ

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით მიმართავენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები კანდიდატის შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, რომ მხედველობაში მიიღონ მათ მიერ წარმოდგენილი ხარვეზები.

„პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროკურატურის სისტემის რეფორმა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა პროკურატურის სისტემის რეფორმირების კონცეფცია, ხოლო შემდგომ – პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი. როგორც ცნობილია, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული როგორც რეფორმის კონცეფცია ისე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან რეფორმა ვერ უზრუნველყოფდა პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზებასა და დამოუკიდებლობას. რეფორმის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული, ხოლო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მხოლოდ ფრაგმენტულად აისახა კანონპროექტში, რაც არ იყო საკმარისი საკანონმდებლო დონეზე პროკურატურის სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. კოალიციის შეფასებით მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა ასევე ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესი. კერძოდ, პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის და საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატურების შერჩევის პროცესი არ იყო ღია და გამჭვირვალე, რამაც გააჩინა კითხვები მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

19 ნოემბერს ჩატარდა საპროკურორო საბჭოს სხდომა, სადაც განიხილებოდა საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის საკითხი. არჩევის პროცესი, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის მიერ კანდიდატურების დასახელების, დასაბუთების და კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპები, არ ყოფილა ღია და გამჭვირვალე. საპროკურორო საბჭოს ზემოაღნიშნული სხდომის გამართვამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი იქნებოდა ღია და ყველა დაინტერესებულ პირს ექნებოდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა აღნიშნულ პროცესს. მიუხედავად ამისა, 19 ნოემბერს გამართული საპროკურორო საბჭოს სხდომის მხოლოდ ის ნაწილი გაიხსნა, რომელზეც ჩატარდა მთავარი პროკურორის კანდიდატების ფარული კენჭისყრის პროცედურა. ხოლო, საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაკვირვების მიღმა დარჩა. უნდა ითქვას, რომ საბჭოს სხდომების დახურულობას ითვალისწინებს საბჭოს დებულება, რომელიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებითაა დამტკიცებული. მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოს, საპროკურორო საბჭოს სხდომების დახურულ ვითარებაში ჩატარება წინააღმდეგობაში მოდის კოლეგიური ორგანოს სხდომების საჯაროობის კანონით დადგენილ პრინციპთან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლით.

ამასთან, საჯაროობის პრინციპის დარღვევა წინააღმდეგობაში მოდის თავად რეფორმის დეკლარირებულ მიზანთან: მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესის დადგენას, დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოს, საპროკურორო საბჭოს შექმნას და საპროკურორო საბჭოსთვის მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის ფუნქციის მინიჭებას შედეგად უნდა მოჰყოლოდა მთავარი პროკურორის ღია და გამჭვირვალე პროცედურებით შერჩევა და ამ გზით მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დეპოლიტიზება. ამ არგუმენტების გათვალისწინებით და ასევე საკითხის მნიშვნელობიდან და ამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩია მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები საზოგადოებისათვის დახურული იყოს.

დამატებით უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები ერთი მხრივ, პროკურატურის აქამდე განხორციელებული საქმიანობის ეფექტურობასთან, მეორე მხრივ კი – პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. დღემდე არ განხორციელებულა ეფექტური სამართლებრივი რეაგირება და არ დამდგარა შედეგი არაერთ გახმაურებულ საქმეზე. ამავე დროს, რიგ საქმეებში ასევე ჩნდება ეჭვები შერჩევით მართლმსაჯულებაზე, რაც მათ შორის, პროკურატურის სისტემის მოქმედი მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვისას მხედველობაში მიიღონ მთელი რიგი ხარვეზები, რაც თან ახლდა კანდიდატურის ნომინირებისა და შერჩევის პროცესს და რის გამოც არაერთმა ჯგუფმა უარი თქვა ამ პროცესში მონაწილეობაზე. პარლამენტმა უნდა გაიაზროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც მათ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას უკავშირდება. აგრეთვე, მნიშნელოვანია, პარლამენტმა ამ ფაქტით მიღებული გამოცდილების საფუძველზე დაგეგმოს და უზრუნველყოს პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმის გატარება და პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯების გადადგმა.“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო TIG,ადამიანის უფლებების ცენტრი HRC, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო OSGF, კონსტიტუციის 42-ე მუხლი Article 42 of the Constitution , სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED ,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI .

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: სიგარეტის გაძვირება კონტრაბანდას შეუწყობს ხელს
შემდეგი სტატიასაქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები თურქ მძღოლებს არ ატარებენ