არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებით სოლიდარობას უცხადებენ სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს

არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებით სოლიდარობას უცხადებენ სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ აქტივისტების კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ.

“168 დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები თავად სცდებიან სამართლის ფარგლებს და მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას.

მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას მართებულად მიაჩნია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, იგი ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია და ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ იქ, სადაც არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და პროტესტი, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან: ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამეცნიერო წრეებთან, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებთან”. – ნათქვამია ორგანიზაციების საერთო განცხადებაში.

ხელმომწერები:

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი(GMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
უფლებები საქართველო
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კავშირი “საფარი”
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-„ოცნება“ შეთანხმებაზე ცალმხრივად აპირებს ხელის მოწერას