არ ვცვლით ჩვენ პოზიციას ამ პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ, სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი – ბოკერია

ევროპული საქართველოს თავჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ორი მთავარი საკითხის განხილვა მოხდა. ბოკერიას თქმით, პარტიის წევრებმა და წარმომადგენლებმა განიხილეს მომავალი პოლიტიკური კამპანიისა და სტრატეგიის საკითხი.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ საწვავზე აქციზის ფასის დაწევასთან ერთად, მოხდება მიწასა და ტყეზე არსებული რეგულაციების გაუქმების მოთხოვნა, რაც პოლიტიკური კამპანიის სახეს შეიძენს.
ევროპული საქართველოს თავჯდომარის თქმით, პოლიტსაბჭოზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკანონმდებლო ორგანოში პარტიის ჩართვა-არ ჩართვა იყო. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვანი იყო პოზიცია, რომ პარტია გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში.
„ორი მთავარი საკითხი იყო დღევანდელ პოლიტსაბჭოზე, პირველი ეს არის ჩვენი შემდგომი სტრატეგიისა და პოლიტიკური კამპანიის საკითხი, რომელიც დავიწყეთ დღეს თბილისში გადასახადებისა და საწვავის აქციზის დაწევაზე და ჩვენ ეხლა გავიარეთ მთელ საქართველოში ამ კამპანიის გაგრძელების საკითხი ამ თემებზე, ეს არის გადასახადების დაწევა, პირველ რიგში საწავავის, რაც გაუადვილებს ყველა მოქალაქეს სიცოცხლეს, მეორე ეს არის კერძო საკუთრების საკითხი მიწაზე და ტყეზე, სადაც უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ადამიანებს, რომლებიც ვერ ინახავენ საკუთარ ოჯახებს ამ შეზღუდვებისა და რეგულაციების გამო და სახელმწიფოს ხელში ამ რესურსების მონოპოლიზაციის გამო.
მეორე საკითხი იყო ბოიკოტის საკითხი, პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი იმ ახალ რეალობაში, რომელიც შედგა სამწუხაროდ ამ შეთანხმებაზე ჩვენი პარტნიორი პარტიების ნაწილის მხრიდან ხელმოწერის შემდეგ.
ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვნად პარტიის პოზიცია არის, რომ ევროპულმა საქართველომ ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან პოლიტიკურად, ევროპული საქართველო იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს. სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი, ტარიელ ნაკაიძეს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი, უფრო მეტიც, ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა, რომ თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში და აღდგებოდა სიები, ის კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა თავის ადგილს, მაგრამ ჩვენ რახან პარტიულად, პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს ევროპულ საქართველოს ამ პარლამენტში, ხოლო იმ ერთ მანდატს, რომელიც ჩვენ ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიციის გამო გვაქვს, არ გამოვიყენებთ.
ევროპული საქართველოს პოზიცია რჩება მყარი, ჩვენ არ არ ვწყვეტთ ბოიკოტს და არ ვცვლით ჩვენ პოზიციას ამ პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშისაია-მ საქართველოს პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა
შემდეგი სტატიაბატონი ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს ევროპულ საქართველოს, ან დატოვებს პარლამენტს, ეს უკვე მისი გადაწყვეტილება იქნება – ბობოხიძე