საია-მ საქართველოს პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1441-3 მუხლებზე (წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის სრულ გამორიცხვასთან ერთად, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით),- ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული ამნისტიის კანონპროექტების შესახებ გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია ნათქვამი.

საია-ს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტია 333-ე მუხლთან მიმართებით გავრცელდება, კანონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა, როგორც სავალდებულო წინაპირობა, ამნისტიის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებთან მიმართებით გავრცელების თაობაზე.

„2021 წლის 27-8 აპრილს საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დაინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების გაცნობისა და გაანალიზების შემდეგ, საია საჭიროდ მიიჩნევს, წარადგინოს მოსაზრებები ხსენებულ პროექტებთან დაკავშირებით და ამ გზით, ხელი შეუწყოს შეთანხმების საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიულ იმპლემენტაციას. ამრიგად, წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის/პროექტების, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაახლოება.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტები ვერ იქნება აბსტრაჰირებული საერთაშორისო სამართლით დადგენილი ფუნდამენტური პრინციპებისგან, რომლებიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პრიმატს ემსახურება. კერძოდ, საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე ორიენტირებული პრაქტიკისას გამორიცხული იყოს ამნისტიის განხორციელება. ამრიგად, ამნისტია არ უნდა გახდეს დაუსჯელობის ფორმა და არ უნდა შეზღუდოს დემოკრატია ადამიანის უფლებათა დარღვევების პატიებისა და დაზარალებულთა მოლოდინების გაცრუების გზით. ევროპული სასამართლო სახელმწიფოებისგან მოელის, რომ უფრო მეტად მკაცრები იყვნენ, როდესაც სჯიან საკუთარ სამართალდამცავებს ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა არასათანადო მოპყრობა, ვიდრე ჩვეულებრივი დამნაშავეების მიმართ, რადგან ასეთ დროს საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებაც, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს, შეიძლება, ჰქონდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო და შეინარჩუნოს საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი. შესაბამისად, იმ ქმედებებზე, რომლებიც, თავისი არსით უტოლდება არასათანადო მოპყრობას: წამებას, ან, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ამნისტიის ან შეწყალების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს,“- ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთანავე, საია-ში განმრტავენ, რომ საქართველოში უკვე წლებია პრობლემაა სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების არასწორი კვალიფიკაციით წარმართვა.

„კერძოდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებში საგამოძიებო ორგანო გამოძიებას იწყებს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი და არა სპეციალური მუხლით. კერძოდ, გამოძიება იწყება ისეთი ზოგადი მუხლით, როგორიც არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი) და არა არასათანადო მოპყრობის მუხლებით (სსკ 144 1-3 ). შედეგად კი, კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული ქმედება, შეიძლება, დაკვალიფიცირდეს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ნაცვლად, 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლისა. სწორედ აღნიშნულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე 20-21 ივნისის საქმეებთან მიმართებით. გამოძიება, მიუხედავად დაზარალებულთა მოთხოვნისა, არ გადაკვალიფიცირებულა სსკ-ის 1443 მუხლზე, მათ შორის, ისეთი მძიმე შემთხვევების დროს, როგორიც მაგალითად, არის მაია გომურის, გიორგი სულაშვილის, დავით ქურდოვანიძის და სხვათა საქმეები,“- ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიგლდანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაარ ვცვლით ჩვენ პოზიციას ამ პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ, სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი – ბოკერია