არ არსებობს არგუმენტი, რომელიც უკრაინელთა გენოციდს გაამართლებს. აქ არ არსებობს „თუ“ და „მაგრამ“ – მეუფე გრიგოლი

რუსული აგრესია და პუტინის ომი უკრაინაში – ეს იყო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარი შინაარსი:

,,დღეს, როცა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვზეიმობთ, ჩვენს თვალწინ არიან ჩვენი დროის ახალმოწამენი, რომელთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, ჯანღონით სავსე ახალგაზრდები, მათ შორისაა არაერთი ჩვენი ღირსეული თანამემამულე, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლნი რომ გახდნენ. განუზომლად იზრდება ამ ვითარების დრამატიზმი, როცა ხედავ და გესმის, რომ ამ ბოროტმოქმედებას ახალისებენ, და არა მხოლოდ ახალისებენ, არამედ აკურთხებენ და ადამიანების მასობრივ მოსპობას ე.წ. „წმიდა ომის“ კვალიფიკაციასაც კი ანიჭებენ. ბრძანების გამცემებსა და მაკურთხებლებში აშკარად იკვეთება რუსული იმპერიული პოლიტიკის ბოროტი ენერგიების კრებსითი სახე.
დიახ, განუზომელია ტკივილი და მწუხარება, რომლის ფონზეც აღვნიშნავთ წლევანდელ აღდგომას; ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მეორე მსოფლიო ომში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მსგავსი რამის გამეორება ევროპის ტერიტორიაზე კვლავაც შესაძლებელი იქნებოდა! რაოდენ სამწუხაროა, რომ მოხდა ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო! სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ამ ბოროტების მანამდე ალაგმვა/შეჩერება (თუნდაც – 2008 წელს!!!), ვიდრე ის თავის ბოროტ ფრთებს გაშლიდა. არანაკლებ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს ბოროტება ქრისტიანული სარწმუნოების საფარქვეშ გახვეული ცდილობს გვაცდუნოს და ბოროტება სიკეთედ მოგვაჩვენოს!
წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ და ავხსნათ ის ფაქტი, რასაც ადგილი აქვს რუსეთის სახელმწიფოსა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა და მესვეურთა მხრიდან?! ვერც ადამიანური და ვერც ღვთაებრივი ლოგიკით ვერ ჩავწვდებით იმას, რითაც ისინი უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის გამართლებას ცდილობენ. ადამიანური და ღვთაებრივი ლოგიკის ყოველგვარ კანონს ეწინააღმდეგება ის, რასაც რუსეთის ეკლესიის მეთაური „ბოროტების წინააღმდეგ“ „მეტაფიზიკურ ბრძოლას“ უწოდებს. რაში გამოიხატება ეს ე.წ. „მეტაფიზიკური ბრძოლა“ – იმაში ხომ არა, რომ მართლმადიდებლობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენლები ერთობლივად აგზავნიან თავიანთ ჯარისკაცებს მართლმადიდებელი ძმების დასახოცად და ენით აღუწერელ სასაკლაოს აწყობენ მათივე მოძმე ერის მიწაზე?! არაფერია უფრო სახიფათო და მაცდუნებელი, როგორც სარწმუნოების საფარქვეშ დამალული ე.წ. „უმანკო ცინიზმი“. ქრისტიანობა ცალსახად გმობს ამგვარ ცინიზმს მოყვასის მიმართ! ჩვენ თვალწინ მომხდარ ბოროტებას ვერაფერი გაამართლებს! დადგა ჟამი, როდესაც აშკარა ზღვარი უნდა გავავლოთ სიკეთესა და ბოროტებას შორის. არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, უმწეო ბავშვებისა და მოხუცების ხოცვა-ჟლეტას, უკრაინელთა გენოციდს და გენოციდის ჯერ კიდევ უცნობ ფაქტებს გაამართლებს. აქ არ არსებობს „თუ“ და „მაგრამ“!!! ცალსახად უნდა ითქვას შემდეგი: ის, რასაც დამპყრობელი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, არის ბოროტება, რომელიც უნდა დამარცხდეს! ამ ბოროტებას საზღვარი არ გააჩნია და მას, ვითარცა სიბნელეს, მხოლოდ სინათლე დაუდებს ზღვარს; ხოლო ვინც ამ აგრესიისა და უსამართლობის მსხვერპლია, მათთვის უფალი ჩვენი და მაცხოვარი, იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარიყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (მთ. 5,10).
ვილოცოთ, რომ უკრაინაში, საქართველოში და ყოველსა ქვეყანასა ზედა სიკეთე და სიკეთის გამარჯვების შედეგად დამკვიდრებული მშვიდობა სუფევდეს,”- ნათქვამია მეუფე გრიგოლის სააღდგომო გზავნილში .” ნათქვამია მეუფე გრიგოლის ქადაგებაში.

წინა სტატიაშიზელენსკი: საქართველოში ელჩს მაშინ დავაბრუნებთ, როცა ხელისუფლებისგან რეალურ მხარდაჭერას ვიგრძნობთ
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში “ისკანდერის” სარაკეტო სისტემები განათავსა