აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბი დაცხრილეს

გუდაუთის რაიონის სოფელ მუგუძირხვაში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბი დაცხრილეს. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, სროლის შესახებ შეტყობინება რაიონულ განყოფილებაში დღეს 10:30 საათზე შევიდა.

ადგილზე გასულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ უცნობებმა შენობას ჯერჯერობით დაუდგენელი იარაღიდან გვიან ღამით ესროლეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 7 ჰილზა და ტყვიის 4 ფრაგმენტი. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 25 აგვისტოს გაიმართება. ამ დროისთვის 9 კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

ოლეგ არშბა აფხაზეთში ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის მიერ მხარდაჭერილ კანიდიდატად მიიჩნევა. იგი წლების განმავლობაში დე ფაქტო სტრუქტურებში, მათ შორის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრის მოადგილისა და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოზიციებზე მუშაობდა. მონაწილეობდა 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტში.

არშბა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში 2016 წლის სექტემბერში მოექცა, როცა კიშინიოვის აეროპორტიდან მისი დეპორტაცია განხორციელდა. იგი დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში მიემგზავრებოდა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი ძალიან უხეშად აბულინგებს – დიმიტრი ცქიტიშვილი
შემდეგი სტატიარუსული პროპაგანდის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობა