ანექსირებულ ყირიმის ბანაკ “არტეკში” ქართველი მოსწავლეები ისვენებენ – ფაქტი დაგმო განათლების სამინისტრომ

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ბანაკ “არტეკში” ქართველი მოსწავლეები ისვენებენ. 146-ე საჯარო სკოლის 6 მოსწავლე და მათი პედაგოგი იქ 7 აგვისტოს გაემგზავრნენ, ინფორმაცია კი დღეს გახდა ცნობილი. განათლების სამინისტრომ ეს ფაქტი უკვე დაგმო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანაკ “არტეკში” მოსწავლეების წაყვანის გადაწყვეტილება, ამავე სკოლის მასწავლებელმა თამარ ჩალახეშაშვილმა ერთპიროვნულად მიიღო.

146-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა პავლიაშვილი აცხადებს, რომ მოსწავლეებისა და პედაგოგის “არტეკში” წასვლის შესახებ თავიდან ინფორმირებული არ იყო და ამის შესახებ ახლახან შეიტყო.

„ახლა არის არდადეგები, არდადეგებზე ვინ სად წავა და როდის და როგორ წავა, ჩვენ უფლება არ გვაქვს არც მასწავლებელს მივუთითოთ შვებულებაში არიან, არც მშობლებს მივუთითოთ,“ – ამბობს ნანა პავლიაშვილი.

ნანა პავლიაშვილისგან განსხვავებით, 146-ე საჯარო სკოლის დირექტორის მეორე მოადგილე ეკა ოდილაძე აცხადებს, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლის “არტეკში” წასვლის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების” წევრი დავით ზურაბიშვილი, აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ოკუპანტ ქვეყანაში გამგზავრება სპეციალური კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს.

„უნდა იყოს დარეგულირებული ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობა. მათთან მისვლა-მოსვლა არ უნდა იყოს ისე, როგორც ჩვეულებრივ სხვა ქვეყნებთან. იმიტომ, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. საგანმანათლებლო დონეზე ურთიერთობაც უნდა იყოს სპეციფიურ რეჟიმში,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გაჩნდა
შემდეგი სტატიათვითმმართველობის არჩევნები – პრეზიდენტის ბრძანება კონტრასიგნირებულია