ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები ხვალ დასრულდება

GWP

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გუშინ, 16:00 საათიდან, უწყვეტ რეჟიმში ატარებს აღდგენით სამუშაოებს ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სადაც 1400 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალსადენის მონაკვეთი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის სადისპეტჩერო სამსახურმა გლდანის რაიონის ნაწილისთვის წყალმომარაგების შეწყვეტის სამუშაოები ღამის 01:00 საათიდან დაიწყო, მანამდე კი სპეცბრიგადებმა, ტექნიკური სამუშაოების გარკვეული ნაწილი წყალმომარაგების შეწყვეტის გარეშე ჩაატარეს. მათ შორის, გაკეთდა განათხარი მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის გარშემო და გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია სამუშაო მოედნის მოსამზადებლად.

ამ ეტაპზე სამუშაოები უშუალოდ დაზიანებულ მაგისტრალზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სპეცტექნიკა. ტექპერსონალი შედუღების სამუშაოებს დაახლოებით 2 საათში დაიწყებს, რასაც მილში შიგნიდან შეღწევით განახორციელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყალსადენის საკვანძო მაგისტრალის დაზიანების მიზეზი რკინა-ბეტონის რამდენიმეტონიანი კონსტრუქცია გახდა, რომელიც სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩაფლული მიწაში და მილზე ზეწოლას ახდენდა. კომპანიის ბრიგადებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ადგილზე დაშლა და მისი ცალკეულ ნაწილებად ამოღება მოუწიათ. როგორც GWP-ში აცხადებენ, ავარიული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების გართულება და დროში გახანგრძლივება სწორედ ამ ფაქტით არის განპირობებული.

ავარიული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები, ხვალ, დილის 05:00 საათისთვის დასრულდება. შესაბამისად, წყალმომარაგება თემქის მე-3 და გლდანის მიკრორაიონებს, ასევე მათ მიმდებარე ქუჩებსა და დასახლებებს, ხვალ, დილის 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება.

წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპანია გლდანის რაიონის იმ უბნებს, რომლებსაც წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, სასმელ წყალს ავტოცისტერნებით აწვდის.

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

banner
წინა სტატიაში32 წლის 3 მცირეწლოვანი ტყუპის დედის გადასარჩენად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა