ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის მინისტრს – პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვინ აიღებს იმ დარღვევებზე, რომლებიც თქვენს სისტემაში იქნა ჩადენილი?

„მიხეილ სააკაშვილის უფლებები შეილახა და ამას ადასტურებს როგორც სახელმწიფო ინსპექტორი, ასევე სახალხო დამცველი და ასევე სტრასბურგის სასამართლოს ორი დროებითი ღონისძიება. ნუ გააქრობთ ამ ამბავს საერთო სურათიდან, ეს დასკვნები არსებობს და მე მაქვს კითხვა – აპირებთ თუ არა შეასრულოთ ის ჯარიმა, რომელიც დაგაკისრათ ინსპექტორმა და ჯარიმის მიღმა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვინ აიღებს იმ დარღვევებზე, რომლებიც თქვენს სისტემაში იქნა ჩადენილი?“ – მიმართა ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.

ანა ნაცვლიშვილმა მინისტრის გამოსვლის შეფასებისას, თავის სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება ზოგადად პატიმრებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მინისტრმა არა თუ საჯარო ინტერესის საქმეებზე, არამედ ზოგადად პატიმრებზეც კი არ ისაუბრა განსაკუთრებულად და დეტალურად იმ კონტექსტში, როდესაც უკვე ორი წელია ათასობით პატიმარი ცხოვრობს კოვიდის პირობებში, რაც მათთვის ნიშნავს კიდევ უფრო შეზღუდულ, ან სრულიად გაუქმებულ სოციალურ კონტაქტებს.

„მაქვს შეხება პატიმრების ოჯახებთან და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ოჯახი უბრალოდ დაინგრა იმ უმძიმესი შეზღუდვების გამო, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მოტივით იქნა დაწესებული. ამ ტრიბუნიდან მსურს მადლობა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მართლაც საკუთარი რისკის ფასად ცდილობდა, რომ პანდემია ციხეებში არ გავრცელებულიყო. შედეგების განხილვაში აქ არ შევალ, მაგრამ მაშინ როდესაც არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ გადადგა ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯები, იქნებოდა ეს ამნისტიის, შეწყალების თუ იგივე ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის სერიოზული მასშტაბური გამოყენება, რომ პატიმრებს, მათ ოჯახებს ეს მძიმე ტვირთი შემსუბუქებოდათ, მიკვირს, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ არც ერთხელ პარლამენტისთვის არ მოგიმართავთ. დღესაც არ ახსენეთ, რომ რაიმე ტიპის მექანიზმის ჩართვა იქნება მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს დაუკომპენსირდეს ის უმძიმესი ორი წელი და ამავე დროს განიტვირთოს სისტემა რამდენადაც ეს შესაძლებელია, ამასთანავე მართლმსაჯულების და მართლწესრიგის ინტერესი არ დაზიანდეს. კარგი იქნება, ციხეებში ეს გამოწვევა იყოს ადეკვატურად შეფასებული და ადეკვატური ნაბიჯები იქნეს გადადგმული პარლამენტის და სხვა უწყებების მხრიდან. გამიკვირდა, რომ ამ თემაზე თქვენ არაფერი თქვით. რას ფიქრობთ მაგალითად ფართომასშტაბიან ამნისტიაზე, ჩემთვის ეს თემა მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ათასობით პატიმრის ოჯახისთვის. ხაზგასმით, მართლწესრიგის ინტერესების შეულახავად, ცხადია და ამის მოხერხება შესაძლებელია, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ეს შეძლო“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა:ქართული ოცნება“ პოლიტიკური კორონასავით არის, ეძებს ადამიანებში სუსტ წერტილებს და მუდმივად ამ სისუსტეებს უტევს
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე: ეროვნული თანხმობა გვჭირდება ყველას, რადგან მწამს, რომ ყველას ერთად უფრო მეტი გამოგვივა, ვიდრე ცალ ცალკე და დაპირისპირებულებს