პაატა მანჯგალაძე: ეროვნული თანხმობა გვჭირდება ყველას, რადგან მწამს, რომ ყველას ერთად უფრო მეტი გამოგვივა, ვიდრე ცალ ცალკე და დაპირისპირებულებს

„ეროვნული თანხმობა გვჭირდება ყველას, ფუნდამენტურ საკითხებზე შესათანხმებლად, მე მაქვს რწმენა, რომ ყველას ერთად უფრო მეტი გამოგვივა, ვიდრე ცალ ცალკე და დაპირისპირებულებს“, – განაცხადა საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოსმენის შემდეგ გამოსვლისას.

მან თავდაპირველად მინისტრის საათის ფორმატით პარლამენტში გამოსული სხვა მინისტრების გამოსვლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „პარლამენტი არის სალაპარაკო ადგილი, მაგრამ საქმეზე საუბრის ადგილია და არა გაუთავებელი მადლობების თქმის და ტაშის კვრის ადგილი. ძალიან კარგია ტაშის კვრა, როცა ამის მიზეზი გვაქვს, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა მოდის განათლების მინისტრი და საუბრობს წარმატებაზე, რეფორმაზე და ამ დროს ქვეყანა არის განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე, მგონია ამის საფუძველი არ გვაქვს მადლობები ვუთხრათ და ტაში ვუკრათ ერთმანეთს. როცა მოდის ფინანსთა მინისტრი და საუბრობს წარმატებაზე, და ამ დროს ქვეყანას აქვს ყველაზე დიდი ვალი, ტაშის კვრის საფუძველი არ გვაქვს, ასევე როცა მოდის ეკონომიკის მინისტრი და საუბრობს რეფორმაზე, წარმატებაზე და ამ დროს ქვეყანაში არის ინფლაცია 12,5%. მოდის ჯანდაცვის მინისტრი, ვსაუბრობთ წარმატებაზე და კოვიდთან ბრძოლაში რაც არის მთვარი გამოწვევა, გლობალური, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვალების რაოდენობით არის ერთ-ერთი მოწინავე. მგონია ესეც არ არის ტაშის დაკვრის ღირსი. მოდის კულტურის მინისტრი და ნაცვლად იმისა, საუბრობდეს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობის დაცვაზე, გადარჩენაზე, საუბრობს სიძულვილის და შუღლის ენით და აჩვენებს დაბალ პოლიტიკურ კულტურას.

დღეს ჩვენ ვუსმენდით იუსტიციის მინისტრს და აქაც იგივე შემთხვევასთან გვქონდა საქმე, საუბრობს რეფორმაზე. რაღაცა მართლა კეთდება ალბათ, ისე ვერ გაძლებდა ქვეყანა. მაგრამ პირველი რაც მომხვდა ყურში ის არის, რომ დაგვამადლა, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით შემეძლო გამოიმეყენებინა სპეციალური საშუალებებიც, მაგრამ ისე გავაკეთე, რომ თითო კიდური ეჭირა თითო თანამშრომელს და ისე შევიყვანეთ პენიტენციურ დაწესებულებებშიო.

საერთაშორისო პრაქტიკაზე იყო ლაპარაკი და რამდენი პრაქტიკა იცით, თუნდაც აშშ-ის პრეზიდენტების ისტორიიდან, ასეთი მეთოდით რომ შეათრიეს პენიტენციურ დაწესებულებაში თანამშრომლებმა? ან ინგლისის პრემიერ-მინისტრების პრაქტიკა ავიღოთ, ან გერმანიის კენცლერები ავიღოთ 1945 წლიდან ნაცისტურ გერმანიაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოფილა ეგეთი პრაქტიკა?

ეს არის ცივილიზებული მიდგომა.

როცა ვსაუბრობ მესამე პრეზიდენტზე, არ იფიქროთ, რომ ან დამცველი ვარ, ან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, პირიქით, თქვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ მე ვსაუბრობ მომავალ მთავრობებზე, რომ მათზე არ განხორციელდეს და თქვენზე არ განხორციელდეს მსგავსი რამ.

მე მგონია თქვენი დაისი დაწყებულია და თქვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ ის სტანდარტი და ის თარგი გამოჭედოთ ურთიერთობაში, რომელიც მომავალში თქვენზე არ გავრცელდება. ელემენტარული წესის, არ მოექცე ისე სხვას, როგორც შენ არ გინდა რომ მოგექცნენ“.

პაატა მანჯგალაძემ სახელმწიფო ქონების დატაცების ფაქტებზე იუსტიციის მინისტრისთვის დასმულ კითხვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა მინისტრს პასუხი გაეცა გამოძიება თუ მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით.

დეპუტატი ასევე შეეხო არაფორმალური მმართველობის საკითხს, და განაცხადა, „ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის 52-ე გვერდზე წერია, რომ პენიტენციურ სისტემაში, ციხეებში არის არაფორმალური გავლენა, ასე ვთქვათ „მაურებლების“ ინსტიტუტის გავლენა. დიახ პრივილეგირებული პატიმრები არსებობენ ციხეებში, არსებობს სუბკულტურა კრიმინალური სამყაროსი და ამას ახალისებს ხელისუფლება“.

თავისი გამოსვლის ბოლო ნაწილში პაატა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თანხმობის აუცილებლობაზე. მისი თქმით, „ძალიან კარგი პროცესი წამოიწყო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ ჩვენი განსხვავებულობიდან გამომდინარე, მე დავარქმევდი ამ პროცესს არა შერიგებას, რომლის უტრირებასაც ახდენთ და არასწორი ინტერპრეტაციას აკეთებთ ამ საკითხის, არამედ მე ვსაუბრობ ეროვნულ თანხმობაზე.

დიახ ეროვნული თანხმობა გვჭირდება ყველას ნამდვილად, ფუნდამენტურ საკითხებზე შესათანხმებლად. უნდა შევთანხმდეთ, რომ სამართლიანი სასამართლო სჭირდება ქვეყანას და ეს ალბათ მნიშვნელოვანია, ამაზე საუბროიბს საერთაშორისო საზოგადოება, და ამის გამო, რომ სასამართლო რეფორმა არ ხორციელდება ქვეყანაში, საქართველოს უარი უთხრეს ევროკავშირის ტრანშზე და ესეც რეალობაა.

შემდეგი საკითხი, რაზეც თანხმობას უნდა მივაღწიოთ, ის არის, რომ პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უნდა ვთქვათ უარი და გადავფურცლოთ ისტორიის ახალი ფურცელი, როცა მომავალი მთავრობა, რომელიც მოვა არ კლავს, არ იჭერს, არ ანადგურებს წინა მთავრობის წევრებს და ხელმძღვანელებს.

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სამართლიანი არჩევნების ჩატარება, შეიძლება საარჩევნო დონეზე, ერთი შეხედვით, ფორმალურად არსებობდეს თანაბარი პირობები, მაგრამ რეალურად უფლებრივი და შესაძლებლობების დონეზე თანაბარი შესაძლებლობა ნამდვილად არ არსებობს. დიახ საქართველოში არის არჩევნების გაყალბების დიდი პრაქტიკა, ხდება ადგილებზე კრიმინალლური ავტორიტეტების გამოყენება, ზემოქმედება ადამიანების ნებაზე მათი გამოყენებით, ხდება მოსყიდვა ტოტალური და ამაზეც უნდა ვთქვათ უარი ყველამ ერთად.

მთავარი სულისკვეთება ჩემთვის არის ის, რომ არ ვიყოთ ჩასაფრებული ერთმანეთთან, უნდა შევთანხმდეთ, რომ არ გვინდა ერთმანეთის განადგურება, დავინახოთ ის მიღწევები, რაც სხვას აქვს და თვენ გქონდეთ უნარი, რომ კრიტიკულ შენიშვნებს, რომელსაც ლაპარაკობს ოპოზიცია, არ შეხედოთ პარტიული კუთვნილებიდან.

საზოგადოება ჩვენგან ითხოვს არა გაუთავებელ კინკლაობას პოლიტიკურ საკითხებზე და იმის წამოძახებას რა ხდებოდა წინა მთავრობების დროს, ეს საუბარი უნდა დავასრულოთ. კარგი მთავრობა ნიშნავს, ყოველ დღე ეჯიბრებოდეს თავის გაკეთებულ საქმეებს, თავის თავს და არ იყურებოდეს 10 წლით უკან.

მე იმიტომ ვდგავარ ამ ტრიბუნასთან, რომ მთავარი რწმენა რაც მაქვს ის არის, რომ ყველას ერთად უფრო მეტი გამოგვივა, ვიდრე ცალცალკე და დაპირისპირებულებს“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი იუსტიციის მინისტრს – პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვინ აიღებს იმ დარღვევებზე, რომლებიც თქვენს სისტემაში იქნა ჩადენილი?
შემდეგი სტატია86 წლის ასაკში ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა