ამირან გამყრელიძე – შემდგომ ეტაპზე ჩვენს გეგმაში არის ფარმაცევტული პერსონალის ტესტირება, ასევე, მიმდინარეობს სასურსათო მაღაზიების თანამშრომლების აღრიცხვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 5, 2020 21:14

ამირან გამყრელიძე – შემდგომ ეტაპზე ჩვენს გეგმაში არის ფარმაცევტული პერსონალის ტესტირება, ასევე, მიმდინარეობს სასურსათო მაღაზიების თანამშრომლების აღრიცხვა

ახალ კორონავირუსზე ტესტირების არეალს თანდათანობით ვაფართოებთ, რათა შემსუბუქების ღონისძიებებთან ერთად, თავიდან ავიცილოთ რისკი, ასევე უფრო მეტი ხელმისაწვდომობა იყოს ტესტირებაზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა „ფეისბუქლაივში“ კითხვაზე, იგეგმება თუ არა მაღაზიების, აფთიაქებისა და ე.წ. დელივერი სერვისის თანამშრომლების გამოკვლევა.

მისი თქმით, იტესტება ყველა, ვინც აუცილებელია შემთხვევის განსაზღვრების მიხედვით, ასევე ცხელების კლინიკებში მოთავსებული ადამიანები, ნებისმიერ კლინიკაში მოთავსებული პაციენტები პნევმონიითა და ცხელებით.

„ახლა უკვე წარმოებს ცხელების ყველა კლინიკის თანამშრომლის, ექიმის, ექთნის, უმცროსი სამედიცინო პერსონალის ტესტირება; დაიწყო კარანტინის ყველა სივრციდან მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეს, გამოსვლის წინ ყველა ადამიანის ტესტირება, რადგან იქაც არ გაგვეპაროს და ნაკლები იყოს ალბათობა; ასევე, ტესტირება მიმდინარეობს მოხუცთა სახლებში, როგორც ბენეფიციარების, ისე მათი მომვლელებისა და პერსონალის. შემდეგ, უფრო მეტი გაფართოების ეტაპზე, მეტად გაფართოებას ვგულისხმობ, თორემ საკმაოდ გაფართოებული ჩავატარეთ ქვემო ქართლში და უფრო მეტად ვაფართოებთ ამ დღეებში, ეს გეგმა ხვალ იქნება და ზეგიდან იწყება განხორციელება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, შემდგომ ეტაპზე ფარმაცევტების ტესტირება გეგმაშია, ასევე მიმდინარეობს სასურსათო ობიექტების თანამშრომელთა აღრიცხვა.

„რაც შეეხება კითხვას ფარმაცევტებთან დაკავშირებით, ასევე სტომატოლოგებზე, ისინიც სამედიცინო პერსონალს მიეკუთვნებიან. მოგეხსენებათ, დღეს მუშაობს სასურსათო და ფარმაცევტული დაწესებულებები, მათ ყველაზე მეტი შეხება აქვთ, თუმცა იქ გარკვეული წინაღობა, ბარიერი არსებობს, როდესაც მიდის ადამიანი ფარმაცევტულ დაწესებულებაში. მიუხედავად ამისა, მაინც შემდგომ ეტაპზე ჩვენს გეგმაში არის ფარმაცევტული პერსონალის ტესტირება. თუ არ ვცდები, 8 ათასამდეა ასეთი საქართველოში. გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის რეგიონულ ხელმძღვანელობასთან გვქონდა საუბარი, რადგან აჭარაში კარგი ლაბორატორიული სიმძლავრეები გვაქვს, პირველი პილოტი შეიძლება, დავიწყოთ აჭარაში. ასევე, შესაძლებელია და მიმდინარეობს აღრიცხვა სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისაც, რომ ვთქვათ, მეტად დავიზღვიოთ თავი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ თვეების განმავლობაში საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თანაცხოვრება ახალ კორონავირუსთან.

„პერმანენტულად დაგვჭირდება გარკვეული ჯგუფების მეტად იდენტიფიცირება. ტექნოლოგიები სულ უფრო იხვეწება, შემოდის უფრო მეტი მაღალსპეციფიკური „პისიარ“ ტექნოლოგიები, რომლებიც ამცირებს გამოკვლევის ხანგრძლივობას. იმედია, თანდათან ლაბორატორიული იდენტიფიცირების მეტი საშუალება გვექნება. რა თქმა უნდა, ამას სერიოზული გადამზადება სჭირდება, რადგან გარდა ლაბორატორიული სივრცეებისა, გვჭირდება ადამიანები, რომლებიც სიზუსტით იღებენ ნაცხს. პერმანენტულ რეჟიმში წარმოებს ამ ადამიანების გადამზადება მთელი საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობ, ჩვენთან გაფართოებული ტესტირების პრობლემა არ იქნება. მიზანდასახულ, მიზნობრივი ტესტირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. არ უნდა გამოგვეპაროს ქვეყანაში არც ერთი ადამიანი, ვისაც რაღაც კლინიკური ნიშანი ან კოვიდინფექციასთან მიმსგავსებული კლინიკური ნიშანი აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და მაგალითად, სოფელი მუშევანი დაასახელა, სადაც მისი თქმით, მიზნობრივი გამოკვლევით გამოვლინდნენ ინფიცირებულები, რომლებიც გადაყვანილი არიან სტაციონარში და უტარდებათ მკურნალობა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 5, 2020 21:14

Google სტატისტიკა


3,363
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics