საბა მეტრეველი: კორონავირუსმა რა ქნა?!

მიმდინარე საგანგებო სიტუაციის პირობებში, სახლში დარჩენის მოწოდებათა ფონზე ერის დიდი ნაწილი შინიდან შესცქერის უკეთეს მომავალს და სხვადასხვა გზით უმკლავდება აუცილებელ მოთხოვნებს პანდემიის წინააღმდეგ თავდასაცავად რომ დაწესდა. „თაიმერმა“ არსებული მდგომარეობის შეფასება სთხოვა ფილოლოგიის დოქტორ, პროფესორ საბა მეტრეველს. გთავაზობთ მის დაკვირვებებს.

დადგა 21-ე საუკუნე და ტოტალური ეგოცენტრიზმისა და აგრესიული ნიჰილიზმის ეპოქაში შეაბიჯა კაცობრიობამ. ჩვენდა ჭირად ცხოვრების თანამგზავრად ქცეულმა ტექნოკრატიის გვირგვინმა – „ჯოგური რიტუალების“ სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა ცხადად გვაჩვენა ადამიანთა უსაფუძვლო სიამაყე (ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!), სხვისი ცხოვრების თვალთვალი და განჩხრეკა; სიძულვილის, უხამსობის, სკაბრეზის, აღვირახსნილი პოლიტიკანობისა და, ზოგადად, ცხოვრების აბსურდული სახეობის კრახი.
ტაშ-ფანდურით მალე გავაცილებთ კორონას, თუმცა ამ საუკუნის მთავარ ვირუსად დარჩება მაინც ფეისბუქი, რომელიც დიდი ხანია იქცა ტოტალური სიყალბის, მწვავე აგრესიის უკონტროლო ქცევის ასპარეზად. არარეალიზებულმა ფსიქოპატებმა ხელთ იგდეს სტატუსებისა და კომენტარების ველი და ახლა ვირტუალურად წავესიეთ ერთმანეთს. მთელ ამ დავიდარაბაში გამოიკვეთა ქართველი ერის ერთი მთავარი მახასიათებელი – ყველაფერს ვაფასებთ შესწავლის გარეშე! ღიმილის მომგვრელია ჩვენი ყოვლისმცოდნეობის მასშტაბები. მათ შორის, მთელი სერიოზულობით ისიც კი შეგვიძლია გავარჩიოთ: ხატია ბუნიათიშვილი უფრო დიდი პიანისტია თუ ელისო ვირსალაძე ან პლაქვენილი უნდა დაუნიშნოს თენგიზ ცერცვაძემ მძიმე პაციენტს თუ – რემდესივირი.
ფეისბუქექსპერტებად გვევლინებიან ადამიანები, რომლებმაც, მინიმუმ, სახელისა და გვარის წერა არ იციან (გადახედეთ პროფილებს და მიხვდებით, რამდენი მარიამი კუპატაძე, თამარი გოზალიშვილი, ლევანი ერქომაიშვილი, ქეთევანი ნიკოლაძე, ნიკოლოზი მერებაშვილი… და უამრავი ასეთი გვყავს), თუმცა პრეტენზია აქვთ, გამოთქვან „კომპეტენტური“ და შეუვალი აზრი.
რთული პერიოდი უდგას სამყაროს, საკმაოდ მძიმე და ფარული რისკების შემცველი. ასეთ ფონზე ჩვენ გვერდით ისეთებიც არსებობენ, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ არ არსებობს არანაირი პანდემია და შეთქმულებასთან გვაქვს საქმე. არადა, ლამის ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კოვიდ-19-მა.
კორონავირუსმა გვაიძულა, შინგამოკეტილები ტელევიზორის ეკრანს მივუსხდეთ. დიდი ხანია, ქართველი საზოგადოება მედია საშუალებებს ტერორში ჰყავს. ტელევიზორმა (ზოგი ეშმაკის მანქანას რომ ეძახის) ადამიანებს წაართვა ფიქრის, საკუთარ თავთან დარჩენის საშუალება; დაუკარგა ესთეტიკა, შეაჩვია უხამს იუმორს, უგემოვნო მუსიკას. დაიწყო ჩვენი ზომბირების გააზრებული პროცესი. ინფორმაცია იქცა ჩვეულებრივ საბაზრო საქონლად, მედია კი _ ბიზნესად ან ბინძური პოლიტიკური ზრახვებით ხელისუფლებაში მოსვლის მთავარ იარაღად. ამიტომაც გაემიჯნა ინტელიგენციის დიდი ნაწილი და პრინციპულად აღარ უყურებს ტელევიზორს.
იმას, რასაც ეკრანიდან ვისმენთ, შესაძლოა, მხოლოდ ვერბალური ნონსენსი ვუწოდოთ. მომრავლდნენ ვაი-ჟურნალისტები (არაპროფესიონალები, სრულიად შემთხვევით მოხვედრილი ამ დარგში), რომელთა საარტიკულაციო-საწარმოთქმო სისტემა თანდაყოლილი დეფექტებითაა სავსე (ზოგს რბილი, ზოგსაც მაგარი „ლ“ აქვს, ზოგიერთი „რ“ თანხმოვნის ნაცვლად „ღ“-ს წარმოთქვამს, ზოგი სისინებს, ზოგი შიშინებს, ზოგიც იმდენად გაუმართავად, ბუნდოვნად საუბრობს, ვერც გაარჩევ, რას ამბობს). როდესაც ზეპირმეტყველების კულტურა დაეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკიდურესად დაბალია აზროვნების დონე და ზუსტად უნიჭობის მსხვერპლი ვართ ახლა, ამ ჟამიანობის დროს. რამდენი გაუნათლებელი, უწიგნური და უკულტურო ძალადობს ერზე!
რაც შეეხება ტელეგადაცემის შინაარსს, ამაზე ზედმეტია საუბარი, რადგანაც კონცეპტუალურად გააზრებული, ესთეტიკურად დახვეწილი და არსებით პრობლემებზე ორიენტირებული არაა არც მთავარი თემა და არც _ სათქმელი. აღარაფერს ვამბობ ე.წ. „ცნობადი სახეების“ დამქანცველ „სიბრძნის“ მეტყველებაზე.
კორონავირუსმა რა ქნა?! – დააპაუზა, შეაჩერა სამყარო, დააჩოქა კიდეც!
შინდარჩენილებმა („შინაპატიმრობაში“ მყოფებმა) დაიწყეს თვითგადარჩენის ფორმების ძიება და ბევრი ფიქრი არც დასჭირვებიათ – ფეისბუქი კატასტროფულად მწვავედ გახდა ყოველგვარი ქმედების ვიზუალიზაციის ასპარეზი: ვინ რას და როგორ ჭამს, როგორ წვება, სად შემოაწყო ფეხები… ამას დამატებული (ვისაც არ ეზარება) სიმღერები დოლ-გარმონზე, გიტარასა და ფანდურზე; უგემოვნო მუზიცირება ფორტეპიანოს თანხლებითა თუ კარაოკეთი (ღმერთო, დაგვიფარე უარესისგან და მოგვეცი გამძლეობა!)… ცალკე მარათონია გამოცხადებული სპორტულ აქტივობებზე: „შპაკატში“ ჩაჯდომა, ლოგინზე თავდაყირა დგომა, იატაკზე გართხმული ვარჯიშები და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ…
უკვე შევეჩვიეთ იმასაც, რომ ე.წ. პოსტებში გვაგინებენ, გვლანძღავენ, დაგვცინიან ან გვწყევლიან. ზოგი ლექსს გვიკითხავს, ზოგი მონოლოგებში აფრქვევს სიბრძნეს, მავანი „ლაივში“დიალოგისთვის გვიხმობს… ყველას ებრძვის პოპულარობის სენი. ამის ერთი კურიოზული მაგალითია აპლოდისმენტებზე აჟიტირებული ხელოვანების მხრიდან მაყურებელთა წინაშე მხოლოდ თავის დასაკრავად (ე.წ. პაკლონი) გამოსვლის კადრის გასაჯაროვება. ყველა ცდილობს, თავი დაგამახსოვროს, თავის მაყურებლად/მსმენელად გაქციოს, ოღონდ „ცნობადი“ გახდეს!
მოკლედ, 2020 წლის ორი თვის კულტურულ-პოლიტიკური ცხოვრების გასაოცარი პანორამაა გადაშლილი ჩვენ თვალწინ და ახლა მთავარი ისაა, როგორ გადავურჩეთ ამდენ უნიჭოს, მოძალადესა და ყოვლისმცოდნეს; როგორმე არ ვიქცეთ საზოგადოებრივი ტემპერამენტის მსხვერპლად!
შინჩარჩენილებს ბევრი რამ მისცა კორონავირუსმა გაკვეთილად, ცოდვა-მადლის განსაკითხად, კერძოდ:
აღმოჩნდა, როგორ დაგვიკარგავს თანაცხოვრების კულტურა;
თურმე როგორ გვიჭირს ერთმანეთის ატანა (გატანაც), როგორ ვუშლით ხელს ცხოვრებაში ერთმანეთს, რამხელა ეგოიზმი და ფარული სიძულვილი გვღრღნის;
დაინგრა ბევრი ოჯახი, დაიძაბა ურთიერთობები, გაღრმავდა ბზარი ცოლ-ქმარს, დედა-შვილს, უფროსსა და უმცროს თაობას შორის;
გვიან მივხვდით, რომ შვილების აღზრდა არ ყოფილა მარტივი საქმე;
კორონავირუსმა ისიც კარგად დაგვანახვა, რომ, თუ ადამიანს შინაგანი ზნეობრივი ცენზორი არ გააჩნია, ყველაფრის მკადრებელი გახდება. ასე დაემართა ჩვენი დროის „ჭეშმარიტების“ ბევრ მსახურსა და მქადაგებელს, ერის „განმანათლებელს“, ყიამყრალ პოლიტიკოსებსა და მათს სატელიტ ტელეარხებს, რომლებიც დამანგრეველი სიძულვილის ენით გვიმტკიცებენ საკუთარი პოლიტიკური მისწრაფების ერთადერთობას, სხვათა დაცინვისა და შეურაცხყოფის ხარჯზე.
თანამედროვე ნეობოლშევიკებს, მებრძოლ უღმერთოებს ძილი და შვება გაუკრთო იმ ფაქტმა, რომ საქართველოში არ გაჩნდა საეკლესიო (ხარების, ბზობის, აღდგომის ღამის) კლასტერი; კოვიდით დაინფიცირებულთა არანაირი მატება რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით არ აღინიშნა. ვერც ის მოუნელებიათ, რომ ზიარების შედეგად არავის შეეყარა ეს სენი. არ ვიცი, ამას როგორ გადაიტანს ღმერთთან და სიწმინდეებთან მებრძოლი, რწმენასა და მარადიულ ღირებულებებზე მოქილიკე კლასტერი.
კორონავირუსმა დაგვანახვა ადამიანის უმწეობა, რომ ის არათუ სამყაროს ბატონ-პატრონია, არამედ საკუთარი თავისთვის ვერ მოუვლია, ვერ შეუცნია, ვერ გაუაზრებია;
კორონავირუსმა გვითხრა, როგორი უძლური ვართ მოსალოდნელი საფრთხის პირისპირ; როგორ ვკარგავთ ადამიანურ სახეს, როგორ ვშფოთავთ და ვთრთით კრიზისის ფონზე;
კორონავირუსმა მოგვანატრა სამსახური, მეგობარი, ახლობელი… ბევრი რამ და ამით გვასწავლა, ვიყოთ მადლიერი იმით, რაც მოგვეცა;
კორონავირუსმა საკუთარი არსებიდან, საკუთარი თავიდან გაქცეული ადამიანი მოაბრუნა; უთხრა, რომ დროა შეჩერდე, რომ შესაძლოა სიკვდილი არც ისე შორს იყოს და ცოტა შეცვალე რაღაც, გაუფრთხილდი მეორე ადამიანს, მოასწარი სიკეთე და უარი თქვი ბოროტებაზე.
რა ვქნა, არა მაქვს დიდი იმედი იმისა, რომ კაცობრიობა გონს მოეგება, საკუთარ თავთან დიალოგს ისწავლის, სიკეთისა და სიყვარულისკენ შემობრუნდება. ირგვლივ ისევ ცინიზმი, ირონია, წახალისებული უნიჭობა, ძალადობა და სიძულვილი მძვინვარებს, მაგრამ მაინც არის სულიერ ფასეულობათა და თავისუფლების მაძიებელი ჯანსაღი ნაწილი, რომლის ძალისხმევის მჯერა!

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – შემდგომ ეტაპზე ჩვენს გეგმაში არის ფარმაცევტული პერსონალის ტესტირება, ასევე, მიმდინარეობს სასურსათო მაღაზიების თანამშრომლების აღრიცხვა
შემდეგი სტატიაკახეთში სასწრაფოს ექიმთან კორონავირუსი არ დადასტურდა