ამერიკულმა მედიაკომპანია CNN-მა თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ამერიკულმა მედიაკომპანიამ CNN დონალდ ტრამპისა და მისი რამდენიმე თანაშემწის წინააღმდეგ ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა – 13 ნოემბერს კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.
სარჩელში ნათქვამია, რომ მედიაკომპანიის ჟურნალისტის ჯიმ აკოსტასთვის თეთრ სახლში აკრედიტაციის ჩამორთმევა აშშ-ს კონსტიტუციის პირველ და მეხუთე შესწორებას ეწინააღმდეგება. სარჩელი შეტანილია აშშ-ს პრეზიდენტის, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის ჯონ კელის, პრეს-მდივან სარა სანდერსის და სხვების წინააღმდეგ. “სიენენი” ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვს – “დოიჩე ველე” წერს.

7 ნოემბერს თეთრმა სახლმა აკრედიტაცია შეუჩერა “სიენენის” მთავარ კორესპონდენტს ჯიმ აკოსტას. პრეს-კონფერენციის შემდეგ, სადაც მან ტრამპი გააღიზიანა თავისი შეკითხვებით, პრეზიდენტმა ჟურნალისტს თანამშრომლისადმი “ხელით შეხებაში” დასდო ბრალი. ტელეკომპანია “სიენენმა” განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტისადმი გამოთქმული პრეტენზია სიმართლეს არ შეესაბამება. თეთრ სახლში პრეს-კონფერენციის დროს სტაჟიორმა თანამშრომელმა ჟურნალისტისთვის მიკროფონის გამორთმევა დააპირა. ჟურნალისტმა მას მიკროფონი არ მისცა და ლაპარაკი განაგრძო. შემთხვევის შემდეგ დონალდ ტრამპის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კორესპონდენტს აკრედიტაცია შეუჩერდა და მას არ შეუძლია თეთრ სახლში მისვლა იმის გამო, რომ “ახალგაზრდა ქალს, რომელიც უბრალოდ საკუთარ საქმეს ასრულებდა, ხელით შეეხო”.
პრეს-კონფერენციის ვიდეოჩანაწერში ჩანს, აკოსტამ ხელი აუქნია ქალს, რომელიც მას ლაპარაკში ხელს უშლიდა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს “უხეში, საშინელი ადამიანი” უწოდა. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა “სიენენს” “ხალხის მტერი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიბოლო 3 თვის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში ყაჩაღობისა და ძარცვის არც ერთი ფაქტი არ მომხდარა
შემდეგი სტატიაბრიუსელი და ლონდონი “ბრეკსიტის” შესახებ პროექტზე შეთანხმდნენ