ბოლო 3 თვის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში ყაჩაღობისა და ძარცვის არც ერთი ფაქტი არ მომხდარა

რეგიონის მოსახლეობა კრიმინალის შემცირებაზე ალაპარაკდა. საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა და ადგილობრივი მოსახლეობა გამოკითხა. როგორც მათ გამოკითხვისას აღნიშნეს, დანაშაული აშკარად შემცირებულია. “თუ აქამდე მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია მომხდარი დანაშაულის – ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის შესახებ, ახლა მსგავსი ინფორმაცია აღარ გვესმის”, – აცხადებენ ადგილობრივი მცხოვრებლები.

მოსახლეობა ამ ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრის სწორ საკადრო პოლიტიკას და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან სტრატეგიას უკავშირებს. ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქე „თაიმერთან“ საუბრისას ჰყვება: „შინაგან საქმეთა მინისტრად გახარია რომ დაინიშნა, მალევე შეცვალა სამხარეოს უფროსი და ნიკოლოზ დიასამიძე დანიშნა. ეს ადამიანი არ არის ადგილობრივი და სავარაუდოდ, რეგიონს არ იცნობდა კარგად, მაგრამ გაამართლა. სამხარეოს უფროსი თითქმის ყველა შემთხვევაზე პირადად მიდის და მაქსიმალურადაა ჩართული დანაშაულის გახსნაში. გარდა ამისა, თავის თანამშრომლებთან ერთად, ძალისხმევას არ იშურებს, რომ დანაშაული არ მოხდეს“. კიდევ ერთი ადგილობრივი ჰყვება, რომ „თუ აქამდე, გასულ წლებში, არჩევნებამდე და არჩევნების დღეს პოლიციის მიმართ იყო სხვადასხვაგვარი ბრალდებები, ახლა პირიქით, ხალხს დიდი ნდობა აქვს პოლიციის, რადგან ვხედავთ, რომ საქმეს რეალურად აკეთებენ. დღე და ღამე გარეთ არიან. პარკში ბავშვები თუ არიან შეკრებილნი, მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებლად ნახავთ როგორც ფეხით მოსიარულე, ასევე, საპატრულო ავტომობილებით მოძრავ პოლიციელებს“.

სააგენტომ ზემოხსენებული ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის სამმართველოდან შესაბამისი წერილით გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე წელს ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობის შესახებ, ასევე, ბოლო სამი თვის განმავლობაში მომხდარ ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ სამეგრელოს რეგიონში ბოლო 3 თვის განმავლობაში ყაჩაღობის და ძარცვის არც ერთი ფაქტი არ მომხდარა. რაც შეეხება ნარკოდანაშაულს, მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა სამეგრელოს რეგიონში აღნიშნული ბრალდებით პასუხისგებაში 329 პირი მისცეს.

banner
წინა სტატიაშიმირდატ ქამადაძე შემოსავლების სამსახურს და სასაზღვრო პოლიციას მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაამერიკულმა მედიაკომპანია CNN-მა თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა