ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი: ქართველები შეშფოთებული არიან საკუთარი მთავრობით

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებენ.უილიამ კორტნი კი ამბობს, რომ საქართველოში სულ მოსახლეზე შემოსავალი ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ბულგარეთში, რომელიც ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ის ამბობს, რომ დემოკრატიის და ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით წარმართვისთვის, ქვეყანამ უნდა შეძლოს, ეკონომიკაზე სახელმწიფოს გავლენის შემცირება და კერძო სექტორისა და ინვესტიციებისთვის მეტი თავისუფლების მიცემა. ორ ყოფილ ელჩს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ყოველკვირეულ გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ ესაუბრა.

ცოტა ხნის წინ, ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს აზიანებენ. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც “აი-არ-აიმ” საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. რას ფიქრობთ მსგავს განცხადებებზე, რომლებიც ქვეყნის მმართველობის წამყვანი პირებისგან მოდის

უილიამ კორტნი: ლიდერების მხრიდან ეს იშვიათი შემთხვევა არ არის, როდესაც საზოგადოებრივი აზრის დამოუკიდებელი გამოკითხვა მათთვის პოპულარობის არასახარბიელო შედეგებს აჩვენებს, ისინი ამ შედეგებს აკრიტიკებენ. “ენ-დი-აის,” “აი-არ-აის” გამოკითხვებს საკმაოდ კარგი მეთოდოლოგია აქვთ, რომელსაც მთელს მსოფლიოში სცემენ პატივს. მე არ მსმენია მათ სისტემური ხარვეზის შესახებ. მეორეს მხრივ, გამოკითხვები მნიშვნელოვან პრობლემებს გამოკვეთს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა, მაგალითად ისაა, რომ “აი-არ-აის” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 71 პროცენტს ყველაზე დიდ პრობლემად ეკონომიკა მიაჩნია. საქართველოსთვის ეს სერიოზული პრობლემაა. სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის წილი საქართველოსა და უკრაინაში ორნახევარჯერ დაბალია რუსეთთან და ყაზახეთთან შედარებით. ორივე ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით სერიოზული ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელონ. ორივე ქვეყანა მინიმალურად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს. ამ მხრივ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მნიშვნელოვანია, რადგან ის მიუთითებს იმაზე, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება დაეხმარება იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაშია.

ძალიან მოკლედ რომ თქვათ, რას ფიქრობთ პროპორციულ წარმომადგენლობაზე ზოგადად. თქვენ ბევრ ქვეყანაში და ქვეყანასთან გიმუშავიათ. ზოგადად, პროპორციული საარჩევნო სისტემა კარგია თუ არა? დღეს მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროპორციული არჩევნები არც ისე კარგია, როგორც ეს შორიდან ჩანს.

უილიამ კორტნი: ამერიკაში მთლიანად მაჟორიტარული სისტემა გვაქვს. ზოგიერთ სხვა ქვეყანაში შერეული სისტემაა. მთავარი ის არ არის თუ რა სისტემა გაქვს. მთავარი ისაა, რომ არჩევნები პატიოსნად ჩატარდეს. საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, არ იყო სამართლიანი და თავისუფალი. დასავლეთში საქართველოს რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. ასევე, ყოფილ საბჭოთა კავშირში ხშირად ხდება ისე, რომ როდესაც ლიდერები ხელისუფლებაში დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან, ისინი პოპულარობას კარგავენ. მაგალითების მონახვა რთული არ არის — ეს მოუვიდა შევარდნაძეს, სააკაშვილს. დღეს საქმე ისე გამოიყურება, რომ ქართველები შეშფოთებული არიან საკუთარი მთავრობით. პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების მონაცვლეობით ქონა, დემოკრატიის ერთ-ერთი დადებითი მახასიათებელია. ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად, რაშიც როგორც ევროკავშირი ასევე ნატოც შედის, საქართველომ ეკონომიკა უნდა გააძლიერობს. საქართველოში სულ მოსახლეზე შემოსავალი ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე ბულგარეთში, რომელიც ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. საქართველომ ბევრი უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები და როგორ გაზარდოს ეკონომიკა. ქვეყანამ უნდა შეძლოს ეკონომიკაზე სახელმწიფოს გავლენის შემცირება და კერძო სექტორს მისცეს ეკონომიკის განვითარების საშუალება.

 

“ამერიკის ხმა”

banner
წინა სტატიაშიკენეტ იალოვიცი: საქართველოში მესიების როლი უნდა დამთავრდეს
შემდეგი სტატიასოფელ ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა