„ამ პრობლემის მოგვარება სცილდება მხოლოდ შსს-ს კომპეტენციას, მზად ვართ შესაბამის უწყებებთან ერთად ვიმუშაოთ“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ 2018 წლის სტატისტიკურ ჭრილში, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ, ქურდობაზე ისაუბრა. ნინო ჯავახაძის განცხადებით, მდგომარეობა ამ მხრივ ნამდვილად საყურადღებოა, მოქმედი კანონმდებლობით პოლიცია არ აკავებს არასრულწლოვნებს, თუმცა არ არსებობს მათზე ზემოქმედების ალტერნატიული გზებიც, რისი შემუშავებაც სხვა უწყებების ჩართულობით უნდა მოხდეს.
„გიდასტურებთ, რომ ჩვენი კოდექსი არის ევროპული სტანდარტის, თუმცა, ნამდვილად არის დანაშაულის ზრდა არასრულწლოვნებს შორის – განსაკუთრებით წვრილმანი ქურდობა, ავტომანქანების ნაწილების ქურდობა, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცალსახად ვთქვათ, რომ კოდექსი აღარ გვინდა და დავუბრუნდეთ ისევ ძველ პრაქტიკას, როცა არასრულწლოვნების ციხეში ჩასმა ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის მოგვარება სცილდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას. გვაქვს კანონმდებლობა, მაგრამ მეორეს მხრივ გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ანუ ალტერნატიული გზები, თუ როგორ ვზემოქმედებთ არასრულწლოვნების ქმედებებზე. ეს არის კომპლექსური საკითხი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის უწყებებთან ერთად ვიმუშაოთ. ანუ აქ იგულისხმება რეფერირების მექანიზმები და ა.შ. ანუ კომპლექსური მიდგომა სჭირდება ამ საკითხს, თუმცა, მდგომარეობა ამ მხრივ ნამდვილად არის საყურადღებო“.- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებს პოლიცია არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ არასრულწლოვნების დაკავება არ ხდება, რადგან ეს არაჰუმანურია, თუმცა საჭიროა ალტერნატიული მექანიზმები და ამაზე მთელმა მთავრობამ ერთად უნდა იმუშაოს.
„ამ შემთხვევაში, მოგეხსენებათ პოლიციას ფაქტობრივად რაიმე ქმედების განხორციელება არ შეუძლია. ანუ ასეთი არასრულწლოვნის დაპატიმრება არ ხდება, შესაბამისად, ფაქტობრივად ასეთი არასრულწლოვანი დღეს, ყოველგვარი სასჯელის გარეშე რჩება. რა თქმა უნდა, არაჰუმანურია არასრულწლოვნების ციხეში ჩასმა, თუმცა უნდა არსებობდეს რაღაც ალტერნატიული მექანიზმები, ასეთი არასრულწლოვნების ქმედებებზე ზემოქმედებისთვის. ამაზე უნდა იმუშაოს მთავრობამ, ყველამ ერთად“. – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
კითხვაზე, თუ რა ინიციატივები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების შემცირებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ამ მხრივ სამინისტროს ქმედების არეალი შეზღუდულია, თუმცა ანალიზის შედეგად, სხვა უწყებებთან ერთად მუშაობით საჭირო ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში რომ ვისაუბროთ კოდექსში რაიმე ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ნაადრევია. როგორც გითხარით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ანალიზს დავეყრდნოთ და ვნახოთ რამ გამოიწვია ეს ზრდა არასრულწლოვნებში. ეს კოდექსის პრობლემაა, თუ ინფრასტრუქტურის პრობლემაა, ესეც გასამიჯნია. ჩვენი სამინისტროს კომპეტენცია ამ შემთხვევაში ძალიან შეზღუდულია, როგორც უკვე ვისაუბრე და შეიძლება ეს ანალიზი დავანახოთ სხვა უწყებებს და ერთობლივად ვიფიქროთ, რა შეიძლება ამ მიმართულებით გაკეთდეს. იმიტომ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედების არეალი არასრულწლოვანთან მიმართებაში არის ძალიან შეზღუდული“- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

banner
წინა სტატიაში„ეს ძალადობა იყო, უბრალოდ მსხვერპლს რცხვენოდა პოლიციისადმი მიემართა ან იმედი არ ჰქონდა, რომ დაეხმარებოდნენ“
შემდეგი სტატია,,ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის და 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ”