,,ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის და 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას სოციალურ ქსელში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ეხმაურებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ხელძღვანელი ტატო ქელბაქიანი წერს, რომ ცალკე პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს, ამ ეტაპზე, არ აქვს შემუშავებული, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის ეფექტური პოლიტიკა, სადაც წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემებს.

„2018 წლის სტატისტიკით, ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის და 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ შემაშფოთებელია ეს ტენდენცია. აუცილებელია განხორციელდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ძირეული ანალიზი, რომელმაც უნდა მოიცვას: – დანაშაულის გამომწვევი მიზეზების კრიმინოლოგიური ანალიზი; – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში დანერგილი ყველა მექანიზმის ეფექტურობის შეფასება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღების შემდეგ, სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ინერციით მოვდივართ და არ ხდება ამ რეფორმის მუდმივი ანალიზი (მაგ. ყოველწლიურად). ჩვენ არ ვიცით სწორი გზით მივდივართ თუ არა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში კანონმდებლობა რომ ძირითადში შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ამით რეფორმის წარმატება არ იზომება! ცალკე პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს, ამ ეტაპზე, არ აქვს შემუშავებული, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის ეფექტური პოლიტიკა, სადაც წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემებს. აქვე მინდა დავსვა კითხვა, 14 წლამდე ასაკის პირების რეფერირების მექანიზმი (რომლებიც ჩადიან მართლსაწინააღმდეგო ქცევას ან ხასიათდებიან რთული ქცევით) როდის უნდა ამოქმედდეს?! აქვე მინდა ვთქვა, რომ მე არ ვარ მომხრე ამ კუთხით კანონმდებლობის გამკაცრების, თუმცა ნებისმიერი მიდგომა უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული. ხოლო უმთავრესი შედეგი კი უნდა იყოს – არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია“, – წერს ტატო ქელბაქიანი.

banner
წინა სტატიაში„ამ პრობლემის მოგვარება სცილდება მხოლოდ შსს-ს კომპეტენციას, მზად ვართ შესაბამის უწყებებთან ერთად ვიმუშაოთ“
შემდეგი სტატია,,2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დანაშაულის რეგისტრაცია გაზრდილია”