„ეს ძალადობა იყო, უბრალოდ მსხვერპლს რცხვენოდა პოლიციისადმი მიემართა ან იმედი არ ჰქონდა, რომ დაეხმარებოდნენ“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრა. ჯავახაძის განცხადებით, მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარების შეფასება არის არასწორი.
„მხოლოდ ციფრებზე თუ ვისაუბრებთ, მაგალითად, შვეიცარიაში ნარკოდანაშაული უფრო მეტია, ვიდრე კოლუმბიაში, ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კრიმინოგენულად ნაკლებად აქტიურია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნები. იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ ციფრებით კრიმინოგენულ ვითარების გაზომვა არის არასწორი, აქ არის გასათვალისწინებელი ისეთი მაჩვენებლებიც როგორიცაა პოლიციასთან მიმართვიანობა, საზოგადოების პოლიციასთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღრიცხვის პრაქტიკა და ა.შ.“ – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დანაშაულის აღრიცხვის შეცვლილ მიდგომებზე ისაუბრა, მისი განცხადებით 2018 წელს გამოძიება დაიწყო და სტატისტიკაში დარეგისტრირდა ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთებოდა, შესაბამისად რეალური ვითარების შესაფასებლად 2018 წლის სტატისტიკის 2017-თან შედარება არ იქნება სწორი.
„თუმცა, არის მთელი რიგი მიმართულებები, რომლებიც არის საყურადღებო, მაგალითად ქურდობა, დაჭრა, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ავტოსატრანსპორტო დანაშაული და ა.შ. რაც შეეხება მძიმე დანაშაულებს, აქ მდგოამრეობა ან უცვლელია, ან გავქვს სტატისტიკური კლება. მაგ.: მკვლელობის, ყაჩაღობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებში.„ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ნინო ჯავახაძემ ასევე პოლიციისადმი მიმართვიანობის ზრდაზეც ისაუბრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საზოგადოების მხრიდან გაზრდილია პოლიციისადმი მიმართვიანობა, რაც გამოიწვია პოლიციის ეფექტიანმა რეაგირებამ ისეთ დანაშაულებზე როგორიცაა ოჯახში ძალადობა – „ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ეს ის კატეგორიის დანაშაულებია, რომლებიც წლების განმავლობაში იყო ე.წ. „ტაბუდადებული დანაშაულები, ანუ თვითონ ადამიანების მხრიდანაც არ ითვლებოდა დანაშაულად და შეიძლება ითქვას, რომ პოლიციის მხრიდანაც, ასე ვთქვათ, მგრძნობიარე და სენსიტიური მიდგომა არ იყო. ამაზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ წინა წლებში, განსაკუთრებით 2018 წელს და ვთვლით, რომ ამის შედეგი არის ოჯახში ძალადობის შემთხვევაში გაზრდილი მიმართვიანობა, რამაც ასახვა ჰპოვა ციფრებში. ეს თავისთავად ცუდი ფაქტორი არ არის, არ ნიშნავს, რომ მეტი ძალადობაა ოჯახში, ეს ძალადობა იყო, უბრალოდ მსხვერპლს სურვილი არ ჰქონდა, რცხვენოდა პოლიციისადმი მიემართა ან იმედი არ ჰქონდა, რომ დაეხმარებოდნენ. დღეს ეს მიდგომა შეცვლილია“. – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, თამარაშვილზე ორი პირი დაჭრეს
შემდეგი სტატია„ამ პრობლემის მოგვარება სცილდება მხოლოდ შსს-ს კომპეტენციას, მზად ვართ შესაბამის უწყებებთან ერთად ვიმუშაოთ“