ახლა გადამწყვეტი დროა, როდესაც ვხედავთ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას უკრაინაში, ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით, თანამოაზრე ქვეყნებთან – ღარიბაშვილი

ახლა გადამწყვეტი დროა, როდესაც ვხედავთ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას უკრაინაში, ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით, თანამოაზრე ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს არის ძალიან სერიოზული და გამოწვევებით სავსე დრო.

„ახლა გადამწყვეტი დრო არის, როცა ვხედავთ რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან აგრესიას უკრაინაში. ეს არის ისტორიული მომენტი. ახლა უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით, თანამოაზრე ქვეყნებთან. ეს გახლავთ ძალიან სერიოზული და გამოწვევებით სავსე დრო. საქართველოში იყო ომი გაცილებით უფრო ადრე, 2008 წელს. ჩვენ გადავიხადეთ ძალიან მაღალი ფასი. საქართველოს მოსახლეობამ გადაიხადა ფასი. 90-იანებში ორი ომი გვქონდა რუსეთთან მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ეს არის ჩვენი შემართების, არჩევანის საკითხი და ასევე ცივილიზაციური საკითხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ლოიალურია ევროპული სტანდარტებისა და ფუნდამენტალური ღირებულებების. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით პროგრესი აქვს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ევროპელ მეგობრებთან, პირადად ვესაუბრები ჩემს კოლეგებს. მრავალი შეხვედრა, სატელეფონო ზარი მქონდა. ორი კვირის წინ ვიყავი ბრიუსელში, შევხვდი ხელმძღვანელობის ყველა წარმომადგენელს. ჩემი გზავნილი ასეთია, ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება. ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ უნდა გავიგოთ, ეს გახლავთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მინიჭება სტატუსის ან არმინიჭება. ეს გახლავთ სტრატეგიული და ასევე მორალური თემა. სიმბოლურია, როგორ გზავნილს ვაძლევთ და ვუგზავნით რუსეთს. მე ვილაპარაკებ ჩემს ქვეყანაზე. საქართველო ლოიალურია ევროპული სტანდარტების, ფუნდამენტალური ღირებულებების და ჩვენ გადავიხადეთ ძალიან მაღალი ფასი. ჩვენ პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსული აგრესიის შესაჩერებლად თანამედროვე იარაღი გვჭირდება – სტეფანჩუკი შოლცს
შემდეგი სტატიაჩვენ რეგიონში დემოკრატია გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებიან, ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკის რეალობა – სანდუ