უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ბერლინში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. სტეფანჩუკმა შოლცს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.
შეხვედრის დროს, სტეფანჩუკმა შოლცს მოუწოდა, რომ რუსული აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინას თანამედროვე გერმანული იარაღი მიაწოდონ.
“რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ თანამედროვე იარაღი გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ძველი იარაღით ძველი მარაგებიდან, თუმცა, ახალი იარაღი უფრო ეფექტურია. ამიტომ, ჩვენ ველით ორივეს, როგორც მარდერის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, აგრეთვე ლეოპარდის ტანკებს”. – თქვა სტეფანჩუკმა.
სტეფანჩუკი ასევე მიესალმა გერმანიის კანცლერის განცხადებებს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების თაობაზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს.
“უკრაინაში ყოველდღიურად 100 ადამიანი იღუპება, 500 კი დაზიანებას იღებს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებასა და იარაღის რეალურად მიწოდებას შორის დრო მაქსიმალურად შემცირდება”. – განაცხადა სტეფანჩუკმა.