„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ მთავრობას სწრაფი მოქმედებებისკენ მოუწოდებს

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სწრაფი, მკაფიო და გამჭვირვალე მოქმედებებისკენ ბოლო დროს მედიაში გაჩენილ შემაშფოთებელ ცნობებთან დაკავშირებით.

“გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ვერ შემოვიფარგლებით იურიდიული განმარტებებით – აუცილებელია პოლიტიკური შეფასება. ინფორმაციის ნაწილი ითხოვს უფრო დეტალურ შესწავლას, თუმცა ზედაპირზე არსებული ფაქტები თავისთავად მძიმე სურათს ქმნის:
კერძოდ, ფაქტია, რომ მოქალაქე ტრისტან წითელაშვილი დიდი ხანია დაკავებულია რუსეთის ცენტრალურ მედიაში, კრემლის პროპაგანდის სასარგებლოდ, საქართველოს საზიანო განცხადებების კეთებით.
ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ამჟამად საკვანძო თანამდებობას იკავებს ქართულ სამხედრო წარმოებაში, ადასტურებს ტრისტან წითელაშვილთან ახლობლობას.
ორივე მათგანი ადასტურებს, რომ წითელაშვილს, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, მიეწოდებოდა ოფიციალური დოკუმენტაცია, ჰქონდა წვდომა სამხედრო ობიექტებზე და იყო სამინისტროს მიერ დაშვებული საექსპერტო ჯგუფის წევრი.
ამავე დროს, ფართოდ შესწავლილია და დადასტურებულია, რომ რუსეთის ცენტრალური მედია მჭიდრო, უშუალო კავშირშია რუსეთის ხელისუფლებასთან.
ამ ფაქტების ერთობლიობა სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა შტოები საკუთარი ხელით აწვდიან ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ოკუპანტი ქვეყნის მთავრობის ინტერესებზე მომუშავე ადამიანებს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას ავხსნით დაუდევრობით, ასეთი მასშტაბის არაპროფესიონალიზმი მტრის სასარგებლოდ მუშაობის ტოლფასია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას უკვე მიადგა აუნაზღაურებელი ზიანი, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადადგას მკვეთრი ნაბიჯები. კერძოდ:
1. აღიაროს ამ მიმართულებით დაშვებული საკვანძო პოლიტიკური შეცდომები და სამომავლოდ გაემიჯნოს მსგავს პოლიტიკას (როგორიცაა ოკუპანტ ქვეყანაზე მომუშავე ზოგიერთი ადამიანისთვის, მათ შორის, ტრისტან წითელაშვილისთვის – პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება და მათი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება);
2. დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გამიჯნოს პოლიტიკური პროცესებიდან ის საკვანძო ფიგურები, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს აღნიშნული პოლიტიკური დანაშაული. გაათავისუფლოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს საკვანძო თანამდებობებიდან ის ადამიანები, ვისზეც არსებობს ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობის საფუძვლიანი ეჭვი;
3. გამოიძიოს და უფრო დეტალურად გამოამჟღავნოს სისტემაში ჩადენილი დანაშაული. დასაჯოს პასუხისმგებელი პირები;
4. ჩამოაყალიბოს ისეთი პოლიტიკური გარემო, სადაც ნათლადაა გამიჯნული შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები, რომელთა დაცვაშიც ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი.”,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ ისევ გამოაცხადა შიმშილობა
შემდეგი სტატიაჩინეთის სამხრეთით ტაიფუნ “ნიდას” გამო განგაშია გამოცხადებული