აი, ფაქტი: ოცნების სიცრუეს რუსულ კანონზე 59 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 320 პირი ავრცელებს

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის ცნობით, ქართული ოცნების დავალებით, რუსული კანონის მხარდამჭერ პოსტებს კოორდინირებულად აზიარებენ 59 მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.

“ქართული ოცნების” ტყუილების გავრცელების სქემა ასეთია: პოსტს ავრცელებს პარტიის ცენტრალური ოფისი ან დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტარი “ქართული ოცნებიდან”. ამ მასალას მყისიერად აზიარებენ სახელმწიფო რწმუნებულები რეგიონებში და მერები. შემდეგ კი მას ავრცელებენ ადმინისტრაციისა და ა(ა)პ-ების სხვა თანამშრომლები.

საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ამ დროისთვის დასაქმებულია, მინიმუმ, 20,000 ადამიანი და როგორც ჩვენი დაკვირვებით ჩანს, მმართველი პარტია მათ სრულად მობილიზებას ცდილობს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ამბროლაურის მერიის შიდა ჩატის ფოტოები, რომელიც ჩვენ წყარომ მოგვაწოდა. ჩატში ამბროლაურის მერის მრჩეველი გიგი ნატმელაძე თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ იაქტიურონ და აძლევს მითითებას, რა სახის კომენტარები უნდა წერონ”, – წერს “აი, ფაქტი”.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების თანახმად, ისინი გიგი ნატმელაძეს სოციალურ ქსელში დაუკავშირდნენ და კითხეს, რატომ აგზავნის ამბროლაურის ჩატში მითითებებს, მან გამოცემას უპასუხა, რომ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ, შემდეგ კი გათიშა.

“ქართული ოცნების” მიერ გუშინ და დღეს გავრცელებული სამი ვიზუალური მასალა Facebook-მა სიცრუედ მიიჩნია და პოსტზე განთავსებული ტექსტი აღარ ჩანს. Facebook საქართველოში დამოუკიდებელ ფაქტჩეკერებთან თანამშრომლობს და მათ მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია მაინც ჯიუტად ცდილობს ახალ-ახალი ბანერებისა და ვიდეოების გავრცელებას.

banner
წინა სტატიაშიტრამპის გუნდი უკრაინაში რუსეთის შეჭრას აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივ ტერიტორიულ დავას და არა საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისა და მსოფლიო წესრიგისთვის
შემდეგი სტატიაბესარიონ ალავიძე ეჭვობს, რომ ხელისუფლება მისი პირადი ცხოვრების ჩაწერაზე გადავიდა