ტრამპის გუნდი უკრაინაში რუსეთის შეჭრას აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივ ტერიტორიულ დავას და არა საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისა და მსოფლიო წესრიგისთვის

დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით არის უკრაინის იძულება, აგრესორ ქვეყანას ტერიტორიები დაუთმოს. ამის შესახებ The Washington Post-ს ტრამპის წრიდან ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპი არაერთხელ ტრაბახობდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებას თეთრ სახლში დაბრუნებიდან 24 საათის განმავლობაში დაიწყებდა. მაგრამ გეგმის შინაარსის გამჟღავნებაზე უარს ამბობდა. ადამიანებმა, რომლებმაც ეს საკითხი ტრამპთან განიხილეს, The Washington Post-ს უთხრეს, რომ მისი გეგმაა, უკრაინას აიძულოს, ყირიმი და დონბასი რუსეთს გადასცეს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, პირად საუბარში ტრამპმა თქვა, რომ ორივე მხარეს გამოსავლის პოვნა სურს და, მისი აზრით, უკრაინის ზოგიერთ ნაწილში ხალხი დათანხმდება, გახდეს რუსეთის ნაწილი.

ტრამპის პრესსამსახურმა ამ ინფორმაციის უარყოფაზე უარი განაცხადა და შემოიფარგლა მხოლოდ იმ განცხადებით, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სანდო არ იყო.

რუსეთთან დაკავშირებით ტრამპის ყოფილი მთავარი მრჩევლის, ფიონა ჰილის თქმით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინისა და რუსეთის შერიგება მათ ლიდერებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომით შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის გუნდი უკრაინაში რუსეთის შეჭრას აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივ ტერიტორიულ დავას და არა საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისა და მსოფლიო წესრიგისთვის.

ცნობისთვის, მანამდე GB News-სთან ინტერვიუში ტრამპმა თქვა: „პრეზიდენტი რომ ვიყო, ამ ომს დავასრულებდი და ამისთვის 24 საათი დამჭირდებოდა. მე კარგად ვიცნობ ზელენსკის, ასევე – პუტინს. 100%-ით შემიძლია, ომი დავასრულო“.

banner
წინა სტატიაშიბათუმში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს
შემდეგი სტატიააი, ფაქტი: ოცნების სიცრუეს რუსულ კანონზე 59 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 320 პირი ავრცელებს