ადა მარშანია – თამარ ჩუგოშვილი არის კლასიკური აგენტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაღუპა

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას შორის ანტიდისკრიმინაციული კანონპროეექტის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებები ემზარ კვიციანმა წარადგინა, რომელიც კანონიდან ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს. ამ ცვლილებებს თამარ ჩუგოშვილმა დისკრიმინაციული უწოდა, რასაც ადა მარშანია გამოეხმაურა.

„სრული შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ გაქვთ ფასეულობები გამრუდებული, ქალბატონო თამარ. არ ემთხვევა ის თქვენი ფასეულობები ჩვენს ფასეულობებს. იმ ადამიანებს, ვინც სხვანაირად ვმსჯელობთ, ცოტა ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ასეთი აგრესიული, დღევანდელი თქვენი რეაქციები ამ კანონპროექტის განხილვისას, აი ამაზე მეტყველებს ზუსტად. თქვენ თავად აყენებთ იმ ადამიანს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, რომელიც ამ აქტუალურ და სასიცოცხლო თემაზე მსჯელობს აქ და თავის აზრს აფიქსირებს. სრული შთაბეჭდილება მექმნება, რომ გამრუდებული გაქვთ თქვენ ფასეულობები“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომის წამყვანი არის თამარ ჩუგოშვილი.

„ეს პარლამენტი საქართველოს პარლამენტს ნაკლებად ემსგავსება. თქვენ კლასიკური აგენტი ხართ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაღუპა“, – მიმართა ჩუგოშვილს მარშანიამ.

„თქვენთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ქალბატონო ადა. შეგიძლიათ, მიკროფონებთან გარეთ გააგრძელოთ ამ ტონალობაში საუბარი. აი, ასეთი პასუხია. მე არ ვაპირებ თქვენთვის პასუხის გაცემას. დამშვიდდით ქალბატონო ადა, დაწყნარდით, დამშვიდდით, ადგილიდან ყვირილიც არ არის კარგი საქციელი. ვიმეორებ, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ემზარ კვიციანის ინიციატივას, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში აღნიშნული ტერმინების არსებობით ზნეობრივი ნორმები ირღვევა. კანონმდებლობაში ჩამოთვლილი ტერმინები 2014 წელს აისახა.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური ბათუმის ციხეში პატიმრების მიერ თვითდაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა