სპეციალური პენიტენციური სამსახური ბათუმის ციხეში პატიმრების მიერ თვითდაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

region
: region აპრილი 3, 2019 18:09

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბათუმის ციხეში პატიმრების მიერ თვითდაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენეს.

პატიმრებს პროტესტის მიზეზი არ გააჩნიათ და მათ ყველა შესაბამისი პირობა აქვთ შექმნილი.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, თვითდაზიანება პირველ აპრილს მსჯავრდებულებმა გ.მ.-მ, დ.ჭ.- და შ.დ-მ მიიყენეს.

უწყების ცნობით, 2 აპრილს, 12:50 სთ-ზე მსჯავრდებული გ.მ.-მ ადვოკატს შეხვდა, რის შემდეგაც საკანში შეიყვანეს.

„მან კარადა დააზიანა, რის შემდეგაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. 2 აპრილს 23:25 სთ-ზე საკანში დარჩენილმა შ.დ.-მაც დააზიანა საკანში არსებული კარადა. ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, შ.დ. და დ.ჭ. არაადეკვატურად იქცეოდნენ, თვითდაზიანებით იმუქრებოდნენ“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. მათივე ცნობით, ციხის თანამშრომლებმა ისინი დეესკალაციის ოთახებში გადაიყვანეს. მანამდე მსჯავრდებულები შეამოწმეს, თუმცა, უწყების ცნობით, რაიმე აკრძალული ან ბასრი ნივთი არ აღმოაჩნდათ.

„23:48 სთ-ზე შ.დ.-მ აღელვების ნიადაგზე გაურკვეველი საშუალებით მიიყენა ორივე ხელზე მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობა მცირეოდენი სისხლდენით, 10 წუთში, 23:52 სთ-ზე, გაურკვეველი საშუალებით მიიყენა მარჯვენა ხელის მეორე და მესამე თითებს შუა ნაკაწრი დ.ჭ.-მაც. სამივე შემთხვევის შესახებ საქმის მასალები გადაიგზავნა საგამოძიებო დეპარტამენტში. მსჯავრდებულები ამჟამად დეესკალაციის საკანში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე განცხადებით, რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მსჯავრდებულები წყლის მიწოდების, ვენტილაციის და არასათანადო სამედიცინო მომსახურების პრობლემებს აპროტესტებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ N3 დაწესებულებაში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დაწესებულებებში მსჯავრდებულ-ბრალდებულებს მუდმივად მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

„წყლის პრობლემა კი არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N3 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ცნობით, რაც შეეხება ვენტილაციას, უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება.

„რაც შეეხება მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება. პატიმრების უსაფრთხო საკანში განთავსებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ საკნებში მათი განთავსება, ხდება არა დასჯის მიზნით, არამედ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიც არის უსაფრთხოება, პატიმრის ქცევა გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის მიმართ და ა.შ.“ – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში

region
: region აპრილი 3, 2019 18:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,551
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics