აჭარის ჯანდაცვის მინისტრი – რეგიონში ეპიდვითარების კლებადი დინამიკა შეინიშნება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და ეპიდვითარების კლებადი დინამიკა შეინიშნება.

„რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიძლება ითქვას სტაბილურია. გვაქვს კლებადი დინამიკა, გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 247 ახალი შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ცენტრი ახორციელებდა დიაგნოსტიკას შაბათ-კვირას, მაინც მოსახლეობის მომართვიანობა გაცილებით ნაკლებია, თუმცა ვფიქრობთ, რომ კარგად გამოხატულია სტაბილიზაციის მაჩვენებელი.

რაც შეეხება მზაობას და ზოგადად სამედიცინო სისტემის მობილიზებას, აჭარაში სულ არის 8081 აქტიური შემთხვევა. დილის მონაცემებით, ჰოსპიტალში იმყოფებოდა 1010 პაციენტი, 166 პაციენტი გადის ინტენსიური თერაპიის კურსს, 43 იმყოფება მართვით სუნთქვაზე. კლინიკებში მობილიზებულია 1070 კოვიდსაწოლი. თერაპიული საწოლები უკვე რამდენიმე დღეა დაახლოებით 40-50-ის ფარგლებში თავისუფალია, განსაკუთრებული მომართვიანობა ამ ეტაპზე გვაქვს ინტენსიური თერაპიის საჭიროების მქონე პაციენტების, მათი ბრუნვა შესაბამის განყოფილებაში არის უფრო ნაკლები, ძირითადად ორიენტირებულები ვართ გამოსავლებზე და შესაბამისად, ამ პაციენტების მიმართულებით მაქსიმალურად ვცდილობთ არ დარჩეს არცერთი მათგანი სერვისის მიღმა.

დღეის მდგომარეობით, „სინოფარმით“ იცრებიან ის პირები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან პირველ დოზაზე, ან მეორე დოზის საჭიროება აქვთ. თვის ბოლოს განახლდება მარაგი და ჯავშნის გარეშე ყველას ექნება შესაძლებლობა აცრის, თუმცა იცით, რომ დღეს გვაქვს „ფაიზერი“ და „სინოვაკი“, ამიტომ აუცილებლად ყველას ვთხოვ აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში“, – აღნიშნა მან.

მინისტრის თქმით, აჭარაში ამ ეტაპზე 140 000-ზე მეტი ვაქცინაა ადმინისტრირებული.

„მოქალაქეების 27 % გახლავთ ერთი დოზით აცრილი, 12 % ორი დოზით, თუმცა კიდევ უფრო მეტი გაფართოებაა საჭირო. იცით, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ გამსვლელი ბრიგადებით მუნიციპალიტეტებში აცრების ჩატარება. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში დავაანონსებთ უკვე იმ ოჯახის ექიმებსა და ამბულატორიებს, სადაც დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. მიმდინარე კვირაში დაიწყება ასევე მობილურ ტრანსპორტში ვაქცინაცია, რომელზეც უფრო კონკრეტულად ვიტყვით“,- განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშითურნავა – მოსახლეობას საცხოვრებელ ფართებს პერიოდულად გადავცემთ ხოლმე, ერთჯერადი აქტი არ არის
შემდეგი სტატიასაპატრიარქო – ბერის მიერ ჟურნალისტების გინება კერძო შემთხვევაა, რომლის განზოგადება “მიზანმიმართულად ხდება”