საპატრიარქო – ბერის მიერ ჟურნალისტების გინება კერძო შემთხვევაა, რომლის განზოგადება “მიზანმიმართულად ხდება”

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირის მხრიდან ჟურნალისტებზე კიდევ ერთ თავდასხმას და შეურაცხყოფას ეხმაურება, წერს, რომ ეს “გარკვეული გადაცდომაა ერთეული სასულიერო პირის მხრიდან”.

საპატრიარქო ამტკიცებს, რომ ბერის მიერ ჟურნალისტების გინება კერძო შემთხვევაა, რომლის განზოგადება “მიზანმიმართულად ხდება”.

საპატრიარქო ამ განცხადებაშიც კრიტიკულად განწყობილ მედიებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ “მთავარი არხი”, “ტვ პირველი” და “ფორმულა” სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევიან.

“ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს; შემდეგ კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ, რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას.

მართალია, გარკვეულ გადაცდომას ერთეული სასულიერო პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება. მაშინ, როდესაც არც კი ახსენებენ, რამდენმა მოძღვარმა გადაარჩინა იგივე ჟურნალისტები 5-6 ივლისს ძალადობისაგან. ამასთან, რა თქმა უნდა, არ ამხელენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ, მათ ფსიქოლოგიურ ძალადობებს, პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს აზრით, ჟურნალისტებს სურთ ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ.

მათი აზრით, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევა საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის შეუმჩნეველი რჩება.

“სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც, იმის ნაცვლად რომ იზრუნოს პროცესების ნორმალიზებისათვის, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ; მივენდოთ ღმერთს, და მოთმინებით დავძლიოთ გამოწვევები”, – წერია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, კანონის მიხედვით, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია. მათივე განცხადებით, ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადის ტაძრის ეზოს შესასვლელეთან განთავსებაც.

“მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება”, – აცხადებს საპატრიარქო.

banner
წინა სტატიაშიაჭარის ჯანდაცვის მინისტრი – რეგიონში ეპიდვითარების კლებადი დინამიკა შეინიშნება
შემდეგი სტატიართველის საკოორდინაციო შტაბი – 2 300 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი უკვე გადამუშავებულია