ლევან გაჩეჩილაძე: ფინანსური რეაბილიტაციის გეგმა მე მაქვს თავში

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მას ტელეკომპანიის ფინანსური რეაბილიტაციის გეგმა აქვს, თუმცა ეს გეგმა ამ ეტაპისთვის კონკრეტული არ არის , – ამის შესახებ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს “მაესტროს” ფინანსურ დირექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც გაჩეჩილაძემ განმარტა, ის აპირებს, მოხდეს ტელეკომპანიის აუდიტის დასკვნის შესწავლა და სწორედ ამის შემდეგ დაიდება ფინანსური რეაბილიტაციის კონკრეტული გეგმა.
“ფინანსური რეაბილიტაციის გეგმა მე მაქვს თავში. ეს გეგმა არის ამ წუთში ზოგადი, მაგრამ ყველანაირი აუდიტორის დასკვნის შემდეგ ეს ყოველდღიურ მოკლევადიან გეგმაში გადაიზრდება და დაკონკრეტდება. თუ მე ყველა ინფორმაციას მივიღებ, რაც თემურ გაჩეჩილაძემ, არხის ფინანსურმა დირექტორმა დამიდასტურა, ამის შემდეგ ფინანსური რეაბილიტაციის გეგმა, რა თქმა უნდა, ყველას ეცოდინება და ის გამჭვირვალე გახდება”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ამასთან, კითხვაზე, თუ როგორ მოხდება ტელეკომპანიის ჟურნალისტებისა და თანამშრომლებისთვის ფინანსური ანაზღაურების გადახდა, ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ მოხდება ყოველდღიური საქმიანობის შესწავლა და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მოკლევადიანი ფინანსური ხარჯების გეგმის შესახებ.
რაც შეეხება იმას, ტელეკომპანია “მაესტროს” გადაბარების პროცესში თუ ვინ განახორციელებს ფინანსურ შესწავლას, გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მას ჯერ არ ჰყავს მოადგილე და ამის შესახებ ის მუშაობას აგრძელებს.

banner
წინა სტატიაშირადას დეპუტატმა ლვოვში რუსეთის საკონსულოდან რუსეთის დროშა ჩამოგლიჯა
შემდეგი სტატიაბუკინგემის სასახლემ Sun-ს პრეტენზია გამოუცხადა დედოფალზე სტატიის გამო