ლაშა მახარაძის დედა იმედოვნებს, რომ ნაფიცი მსაჯულები ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ

მოკლული ლაშა მახარაძის დედა იმედოვნებს, რომ ნაფიცი მსაჯულები მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ . ამის შესახებ ნინო დიდებულიძემ საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ განაცხადა, რაც ნაფიცი მსაჯულები ოქროპირიძის საქმეზე სათათბიროდ გავიდნენ. მისი თქმით, ყველასათვის ნათელი გახდა, რაც გიორგი ოქროპირიძემ ჩაიდინა. “ყველასათვის ნათელი გახდა რაც ჩაიდინა ბოროტმოქმედმა გიორგი ოქროპირიძემ. ამაში ეჭვი აღარავის ეპარება”, – აღნიშნა დიდებულიძემ. მისი თქმით, გიორგი ოქროპირიძე თავიდანვე ადანაშაულებდა საქმის მთავარ მოწმე ვლადიმერ ბერძენიშვილს და დღევანდელ საბოლოო სიტყვაში მის მიერ ბერძენიშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდება მოკლულის დედისთვის ახალი არ არის. რაც შეეხება გიორგი ოქროპირიძის შეთავაზებას ნაფიცი მსაჯულების მიმართ, კერძოდ, ალტერნატიულ კენჭისყრას, ნინო დიდებულიძე მიიჩნევს, რომ ამით ბრალდებულს სურს ციხიდან თავი დაიძვრინოს. “ეს არის ახალი ხრიკი. ამით მას სურს, რომ ციხიდან თავი დაიძვრინოს”, – განაცხადა ნინო დიდებულიძემ. გიორგი ოქროპირიძემ დღეს ნაფიც მსაჯულებს შესთავაზა, თუკი ისინი მის საქმეზე ვერდიქტს ვერ გამოიტანენ, მიიღონ ალტერნატიული ვერდიქტი. კერძოდ, ოქროპირიძის თქმით, იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს მკვლელობაში, თუმცა დამნაშავედ მიიჩნევს დანაშაულის შეუტყობინებლობაში. კერძოდ, მისი თქმით, ლაშა მახარაძის მკვლელობის შემდეგ მასთან მივიდა ვლადიმერ ბერძენიშვილი. “მოვიდა ეზოში და მითხრა, ლაშას მანქანიდან დავუშვითო”, – განაცხადა გიორგი ოქროპირიძემ. როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ სამართალდამცველებისთვის მას არ უცნობებია და თავს მიიჩნევს დამნაშავედ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რისთვისაც მზად არის სასჯელი მოიხადოს. ნაფიცი მსაჯულები 18:59 საათზე სათათბიროდ გავიდნენ. მათ თავდაპირველად ვერდიქტის მისაღებად სამსაათიანი ვადა განესაზღვრათ. სამი საათის შემდეგ ნაფიცებმა ერთხმად უნდა მიიღონ გამამართებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დამატებითი დრო განესაზღვრებათ.

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/360043-lasha-makharadzis-deda-imedovnebs-rom-nafici-msajulebi-oqropiridzis-mimarth-gamamtyunebel-verdiqts-gamoitanen.html

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძემ ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიათემო მურვანიძე მურისძესთან დაკავშირებით სკანდალური ინიციატივით გამოდის