ნინო გვენეტაძემ ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ადასტურებს, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს დღევანდელი კენჭისყრის დასრულების შემდეგ განუცხადა. “ისედაც ცნობილია, რომ მხარი არ დავუჭირე. ის უკვე მოსამართლეა და მე არ მაქვს უფლება მისი დანიშვნის შესახებ სხვა კომენტარი გავაკეთო”, – აღნიშნა გვენეტაძემ. რაც შეეხება კონკურსის შედეგებს, როგორც გვენეტაძემ განმარტა, საერთო სასამართლოების 61 ვაკანსიაზე 38 მოსამართლე დაინიშნა. “საერთო სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანსიაზე კენჭისყრა დამთავრდა. სააპელაციო და რაიონულ საქალაქო სასამართლოებში დაინიშნა 38 მოსამართლე. მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 8 მსმენელი. 6 მოქმედი მოსამართლე და 24 ყოფილი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა მოსამართლის 23 თანამდებობა, რომელზეც კონკურსი 2-3 დღის განმავლობაში გამოცხადდება”, – განაცხადა გვენეტაძემ. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმულ ხარვეზებს, კონკურსის პროცესთან დაკავშირებით, როგორც გვენეტაძემ განაცხადა, ყველა შენიშვნა იქნება გაზიარებული. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა. დღევანდელი კენჭისყრის შედეგებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე. მურუსიძეს მხარი დაუჭირა 11 კანდიდატიდან ათმა. როგორც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, მურუსიძეს მხარი ნინო გვენეტაძემ არ დაუჭირა.

banner
წინა სტატიაში“თალიზის”~ წარმატების საიდუმლო
შემდეგი სტატიალაშა მახარაძის დედა იმედოვნებს, რომ ნაფიცი მსაჯულები ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ