“60 წლის კაცი ვარ და ასეთი გინება არ მომისმენია, უფრო ადრე ბატონ ბიძინას აგინეს” – კარლო კოპალიანი პუტინის გინებაზე

60 წლის კაცი ვარ და ასეთი გინება არ მომისმენია – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი ამბობს, რომ პუტინამდე “რუსთავი2”-ის ეთერიდან ბიძინა ივანიშვილსაც უხამსი სიტყვებით აგინეს.

კოპალიანის თქმით, არ არის სწორი, როცა სხვადასხვა პარტიების ლიდერებს აგინებენ. ის ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს კანტორას უწოდებს და ამბობს, რომ მას ტელევიზია არ უნდა ერქვას.

„რუსთავი2-ისგან მე არ გამკვირვებია ჩვენ უფრო გვესმოდა ამ ტელევიზიიდან უხეში გინებები სხვადასხვა პარტიების ლიდერების მიმართ, ბატონი ბიძინა მყავს მხედველობაში, უსაზიზღრესი ტერმინები, საკუთარ თავსაც რომ არ უნდა აკადროს ადამიანმა და გუშინ იყო აპოთეოზი, მწვერვალი. მსგავსი რამ, ჩემო კარგებო, 60 წლის კაცი ვარ და ქუჩაში არ მომისმენია, არათუ ტელევიზიიდან ეს არის მარაზმი, ეს არის სირცხვილი, ასეთ კანტორას ტელევიზია არ უნდა ერქვას, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” კანტორა,“-ამბობს კარლო კოპალიანი.

გაბუნიას მონოლოგის შემდეგ, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს აგინებს, ხელისუფლების პირველმა პირებმა განცხადებები გააკეთეს და უსწრაფესი რეაგირება მოითხოვეს. განცხადებები გააკეთეს ქვეყნის პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და “ქართული ოცნების” ლიდერებმა. რეაგირება მყისიერი და სწრაფი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი მიმართა.

დღეს კი “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. “რუსთავი2”-ზე შტურმის გამო რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის მისამართით გაკეთებული განცხადებებით კმაყოფილია და ამბობს, რომ 20 ივნისის პროვოკაციისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება აღარ დადუმდა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

ტელეკომპანია რუსთავი2-მა კი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საავტორო გადაცემის წამყვანმა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი დაარღვია.

banner
წინა სტატიაშირუსეთის რეაქცია პუტინის გინებაზე: დეპუტატები “ბორჯომის” აკრძალვაზე ფიქრობენ
შემდეგი სტატია“ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები” – კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაბუნიას განცხადებაზე