“ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები” – კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაბუნიას განცხადებაზე

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის-2”-ის გადაცემა P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს უცენზუროდ მოიხსენიებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმაურება.

კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაბუნიას მონოლოგს, სადაც მან ვლადიმერ პუტინს აგინა, საერთო არ აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

მარეგუილირებელი კომისიის შეფასებით, გაბუნიას მონოლოგი ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი იყო.

„მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს “რუსთავი 2” ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია. სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება სცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას.

იმ ფონზე, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი მართლაც ფასდაუდებელი მონაპოვარია, მიუღებელი და დაუშვებელია, სწორედ გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს მსგავსი ტიპის უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება. კომუნიკაციების კომისია დარწმუნებულია, რომ მედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ “რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ფაქტს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“60 წლის კაცი ვარ და ასეთი გინება არ მომისმენია, უფრო ადრე ბატონ ბიძინას აგინეს” – კარლო კოპალიანი პუტინის გინებაზე
შემდეგი სტატიახელისუფლების ასეთი ორკესტრირებული შეტევა “რუსთავი 2”-ზე ცუდ ინტერპრეტაციებს იწვევს – ეკა ბესელია