„მოვუწოდებთ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, მოსკოვზე ზეწოლა განაგრძონ“

საქართველო არ თვლის აუცილებლობას პირდაპირი დიალოგი დაიწყოს აფხაზეთთან და სამხეთ ოსეთთან

საქართველო საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს, რათა მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.

ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს მუდმივმოქმედმა ელჩმა კახა იმნაძემ საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის 7 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იმნაძის თქმით, 7 წელი გავიდა ხელშეკრულების გაფორმებიდან და დღესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ ოკუპირებულია. მისივე თქმით, საქართველომ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა, თუმცა, სამწუხაროდ იგივე არ ითქმის რუსეთის ფედერაციაზე. ელჩის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, რუსეთი არ უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიწოდებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამასთან, რუსეთმა ცალმხრივად დაბლოკა გაერო-ს და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში და კვლავაც არ უშვებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისივე თქმით, რუსეთი სამხედრო ნაწილებს აშენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მეტიც, ავლებს მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დგამს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს, რაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალ ნაკადს იწვევს.

ელჩის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რუსეთმა ხელი მოაწერა ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებებს საოკუპაციო რეჟიმთან, რაც ფაქტობრივად ანექსიაა.

„საქართველოს ხელისუფლება ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და ჩვენ ერთგულნი ვრჩებით, გავაგრძელოთ ჩვენი მომავალი ჩართულობა კონსრუქციული გზით, რათა მოგვარდეს ყველა წამოჭრილი პოლიტიკური საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის ამ ფორმატის ფარგლებში“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მუდმივ მხარდაჭერას და სოლიდარობას აფასებს.

„ამ სულისკვეთებით, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, განაგრძონ მათი პოზიცია და ზეწოლა მოსკოვზე, რომ რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს, მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს და არამარტო ეს, არამედ საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაიცვას“, – აღნიშნა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უშიშროება იანუკოვიჩის შვილს ქვეყნიდან თანხის გატანაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია2 თვე თბილისის ტრაგედიიდან – უწყებათაშორისი კომისია გასვლით სხდომას მართავს