23 პოლიტიკური პარტია ცესკო-ს ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამაში ჩაერთო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ იმ ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, პროგრამა არჩევნებში ჩართულ მხარეებს გაუმარტივებს რეგისტრაციის პროცესს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს დროულად და ეფექტურად დაამუშაოს და გადაამოწმოს წარდგენილი დოკუმენტაცია. პროექტს ამ ეტაპზე 23 პოლიტიკური პარტია შეუერთდა.

შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე მათ შეკითხვებს უპასუხეს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა – ელისაბედ ველიძემ და საარჩევნო სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

ინოვაციური პროგრამის მეშვეობით, პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ეძლევათ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) წარმომადგენლების დანიშვნა ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში მოახდინონ. მომხმარებლებისთვის გაიხსნება ელექტრონული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ განახორციელონ შესაბამისი პროცედურები, მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, ჩამოტვირთონ საჭირო დოკუმენტაცია და სამართლებრივი აქტები.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის პროგრამა საპილოტე რეჟიმში იმუშავებს, სამომავლოდ კი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ელექტრონული რეგისტრაცია საშუალებას მისცემს პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე მედიასაშუალებებს მათთვის საჭირო საჭირო რეგისტრაციის პროცედურები ონლაინ რეჟიმში გაიარონ.

პროექტი ცესკო-ს ინიციატივით და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიშსს ახალციხის რაიონის სოფელ სვირში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაფიტარეთში მდგომარეობა უცვლელია, სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ გარემოზე ზემოქმედების შესახებ დასკვნა მზად იქნება