2019 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 105 ათასს გადააჭარბა, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობამ 96 864 შეადგინა

news
ავტ.: news აპრილი 30, 2020 13:33

2019 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 105 ათასს გადააჭარბა, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობამ 96 864 შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 716 900 ადამიანს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაბადების მაჩვენებელი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე უფრო მაღალი იყო, მოსახლეობის რაოდენობა მაინც შემცირდა.

„2019 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 243)“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საქსტატის მიხედვით, 2019 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 105 107 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 9.9 პროცენტით გაიზარდა და 96 864 შეადგინა. შესაბამისად, მიგრაციული სალდო -8 243 იყო.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, იმიგრანტების 85.3 პროცენტი და ემიგრანტების 84.9 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

2019 წელს იმიგრანტების 56.2 პროცენტს და ემიგრანტების 78.0 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

რაც შეეხება მოსახლეობის ასაკობრივ განაწილებას, საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.4 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.5 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი – 15.1 პროცენტს.

ამასთან, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობამ 1 790.3 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და 1 926.6 ათასი შეადგინა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

ასევე 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.0 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენს.

წინა წელთან შედარებით 2019 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.1 ერთეულით გაიზარდა და შეადგენს 74.1 წელს, მათ შორის მამაკაცებისთვის – 69.8 წელს, ხოლო ქალებისთვის – 78.4 წელს.

news
ავტ.: news აპრილი 30, 2020 13:33

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics