2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის გავლენა საქართველოში ყველა დონეზე იგრძნობა. კრემლი აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს – ფრანგული გამოცემის რეპორტაჟი წულუკიანის ცენზურაზე

“2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის გავლენა საქართველოში ყველა დონეზე იგრძნობა. კრემლი აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს” – ნათქვამია ფრანგული გამოცემა Arte-ს მიერ საქართველოს შესახებ გადაღებულ რეპორტაჟში.

გამოცემა ბიძინა ივანიშვილსა და მის მოსკოვურ კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას. რეპორტაჟში საუბარია იმაზე, რომ ოლიგარქის დაფუძნებული პარტია “ქართული ოცნება” და მისი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოში განსხვავებულ აზრს ცენზურით ახშობს.

“ზოგი ამბობს, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ძირს უთხრის საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას. ქვეყანას მართავს პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც დაარსდა ოლიგარქის მიერ, რომელიც რუსეთთან გარიგებებით მილიარდერი გახდა. ეს ხელისუფლება კულტურის სფეროში მოღვაწე ქართველებს ზღუდავს. ისინი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მოსკოვის მიმართ კრიტიკული ხმის ჩახშობაში ადანაშაულებენ…

ცენზურა და აკრძალვა – ის რეალობაა, რომელზეც ქართველი კულტურის თანამშრომლები საუბრობენ. ზოგი ამბობს, რომ ეს მას შემდეგ გამძაფრდა, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს ომში მყოფ უკრაინას. თეა წულუკიანი მათი აზრით, საბჭოთა კომუნისტური მეთოდებით მოქმედებს. სამსახურიდან ათავისუფლებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს”, – წერს Arte.

გამოცემის ცნობით, უკანასკნელი მაგალითი, რომელიც მოსკოვის ამ ჰიბრიდულ ომს ასახავს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის გათავისუფლებაა. გაგა ჩხეიძე ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, 2022 წლის მარტში, კულტურის მინისტრის ბრძანებით გაათავისუფლეს.

სამინისტრო აცხადებს, რომ გათავისუფლებასთან ერთად, ჩხეიძის საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურას გაეგზავნა. აუდიტის დასკვნაში კი ნათქვამია, რომ გამოვლინდა „კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები“. მათ შორის, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

banner
წინა სტატიაშიექიმები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისთვის მიმართვა გაავრცელეს, “ომის პარტიის“ წევრები არიან – ალასანია
შემდეგი სტატიარუსეთი აშშ-სთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს წყვეტს – რუსული მედია